Terraria

ტერარია

ჰარდქორ გეიმერი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი წილი ღამეებიც გამითენებია ინტერნეტ კაფეებში და NES-ის თამაშებიც დამიხურავს 48 საათიანი უსეივო და უჩეკპოინტო მარათონის შემდეგ. რატომღც სწორედ ის ბედნიერი წლები გამახსენა ტერარიამ.

2011 წლის 16 მაისს ბაზარზე ინდი სტუდია Re-Logic-ის გამოშვებული თამაში, ტერარია (Terraria) გამოჩნდა. Minecraft-ის ორგანზომილებიანი side scroller ბიძაშვილი უზარმაზარი თამაშია, რომელიც საკუთარ თავში რამდენიმე ჟანრს აერთიანებს და ნებისმიერი მათგანის მოყვარულს მისცემს გართობის საშუალებას და დენდიზე გაზრდილ თაობასაც გაუქრობს დღევანდელი ერთიმეორეზე ლამაზი, მაგრამ “უსულო” თამაშების ფონზე შემოწოლილ ნოსტალგიას.

თავდაპირველად ვაწყობთ პერსონაჟს, ვირჩევთ ვარცხნილობას, თმის, კანის, თვალის ფერს და ტანსაცმელს, შემდეგ სახელს ვარქმევთ შემთხვევით დაგენერირებულ, უნიკალურ სამყაროს და ვიწყებთ თამაშს. ტერარიაში დღე-ღამის დაახლოებით ოცწუთიანი ციკლია. მზის ჩასვლის შემდეგ ბევრად უფრო საშიში მონსტრები გამოდიან სანადიროდ, ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ თავშესაფარზე ზრუნვა. ვიღებთ ნაჯახს და ვიწყებთ ხეების ჩეხვას, რომლისგანაც მოგვიანებით სახლს ავაშენებთ. თამაშის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში ორსართულიანი სახლი, ხისგან დამზადებული იარაღები და 20-მდე სხვადასხვა სახის მასალა მქონდა. ტერარიის თამაშის დროს სწრაფ რეფლექსებთან ერთად ცოტაოდენი გამჭრიახობაც დაგჭირდებათ, რადგან ყველა ვერ მიხვდება, რომ ახლოს მდებარე ზღვის სანაპიროდან მოტანილი ქვიშის გამოწვით შუშის დამზადება შეიძლება, ან რომ ტყის გაჩეხვისას ნაპოვნი რკოს ნოყიერ ნიადაგში ჩარგვის შემდეგ იმ ადგილას ხე გაიზრდება.

ტერარიას უზარმაზარი სამყარო ფაქტობრივად დაუსრულებელ გეიმფლეის გვპირდება და რაც ყველაზე კარგია, ყოველ ახალ აფდეითთან ერთად თამაშში დიდი რაოდენობით ახალი კონტენტი ჩნდება. ამჟამად, როგორც ვიცი, უძლიერესი იარაღი Night’s Edge-ია, რომლის გამოჭედვაც მხოლოდ Demon Altar-ზე შეიძლება ოთხი შედარებით სუსტი ხმლის შეერთებით. რევიუების წერა არასოდეს მეხერხებოდა, ამიტომ რამდენიმე სქრინშოთს და გეიმფლეის ვიდეოს დავაგდებ და იმედს დავიტოვებ, რომ ერთი თქვენგანი მაინც გადაწყვეტს ამ სულრაღაცცამეტმეგაბაიტიანი თამაშის გადმოწერას და დაწყებას.

P.S ყველაზე კარგი ისაა, რომ თამაშს აქვს როგორც Single, ასევე Multiplayer-ი და მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ სასახლეების შენება თუ რეიდებზე ბოსების ხოცვა.

კოაქსილი

დავიწყოთ იმით, რომ პოსტი, უფრო ზუსტად პოსტის ბოლოს მოცემული ფოტო და ვიდეო მასალა ნამდვილად არაა განკუთვნილი სუსტი ნერვების მქონე პირებისთვის.

რამდენიმე წლის რუსეთში ახალი ანტიდეპრესანტი, კოაქსილი გამოჩნდა, რომელიც რეცეპტის გარეშე იყიდებოდა ნებისმიერ აფთიაქში. მის მწარმოებლებს ალბათ იმედი ჰქონდათ, რომ თანამედროვე, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი შევიდოდა აფთიაქში, იყიდდა პრეპარატს, წაიკითხავდა მოხმარების ინსტრუქციას და არც კი იფიქრებდა მკაცრად განსაზღვრული დოზების დარღვევას, მაგრამ ვერ მოგართვით! მალე გაირკვა, რომ ოპიომანებმა და სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებმა კოაქსილში ჰეროინის იაფი ალტერნატივა დაინახეს. საქმე იმაშია, რომ ორმოცი აბის მიღებისას პრეპარატს დაახლოებით იგივე ეფექტი აქვს, რაც ჰეროინს. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ უფრო ჭკვიანებმა დაასკვნეს, რომ ორმოცი ტაბლეტის გადაყლაპვას ჯობდა ათის დანაყვა, წყალში გახსნა, ვენაში გაშვება და შესაბამისად – კოაქსილის ერთი კოლოფის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდა.

საქმე იმაშია, რომ ხელში პირველივე მოხვედრილი საგნით დაქუცმაცებული და შემდეგ ონკანის წყლით ჭიქაში ან ჯამში გახსნილი კოაქსილი მაინცდამაინც ვერ აკმაყოფილებს ვენაში გასაკეთებელი პრეპარატის სანიტარულ ნორმებს. პატარა და საყვარელი მიკროორგანიზმებით მდიდარი სუბსტანცია სისხლში შეგვყავს და ისინიც დიდი ენთუზიაზმით იწყებენ ახალი ტერიტორიების დაპყრობას, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერია. კოვზით (ფეხსაცმლით, ქვით ან თუნდაც ჩაქუჩით) დანაყვისას შეუძლებელია კოაქსილის მოლეკულარულ დონეზე დაშლა და შპრიცით შეყვანისას სისხლძარღვებში საკმაოდ მსხვილი ნაწილაკები ხვდება. მყისიერად ვითარდება ვენური თრომბოზი, რომელსაც ზემოხსენებული საყვარელი მიკროორგანიზმებიც ემატება და კიდური ლპობას იწყებს. ხელი (ან ფეხი) თეთრდება, სივდება, იწყება და ნელ-ნელა მატულობს გამუდმებული ტკივილის გრძნობა, რომლის გაყუჩებასაც კოაქსილის დამატებითი დოზით ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ, ექიმებს კი მხოლოდ ის დარჩენიათ მიიღონ გადაწყვეტილება – მუხლს ქვემოთ გადაჭრან კიდური თუ მუხლს ზემოთ.

ნარკომანიაზე, როგორც სოციალურ პრობლემაზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა: თუ ეწევით, ფილტრიანი მოწიეთ რა! ახლა კი შეპირებული ფოტოები და ვიდეოები:
Continue reading

Exodus

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიაღწია ტექნიკური პროგრესის უმაღლეს საფეხურს, ტერაფორმირება დღესაც რთულ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს. სისტემათაშორისი ექსპედიციების პირველი მცდელობები რამდენიმე საუკუნის წინ დაიწყო.

დიდი ხნის წინ, როდესაც ადამიანს არც წყალი დაებინძურებინა, არც ფლორა და ფაუნა გაენადგურებინა და არც დედამიწის ზედაპირი გაეხადა საცხოვრებლად უვარგისი, არსებობდა ხომალდი, რომელიც ახალი მიწებისა და რესურსების აღმოსაჩენად აიგო. ეკიპაჟი დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით შეუდგა მისიის შესრულებას. ექსპედიციის დაწყებამდე საზეიმო ფიციც კი დადეს, რომლითაც კაპიტანს არწმუნებდნენ, რომ მათ ნებას შიმშილი, ავადმყოფობა და სიკვდილის შიში ვერ დაიმორჩილებდა. მისიის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ხომალდმა კავშირი დაკარგა დედამიწასთან. მწობრიდან გამოვიდა სანავიგაციო სისტემა. გემზე მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები ფუნქციონირებდა. ეკიპაჟის ნაწილი აჯანყდა. ამბოხებულებსა და კაპიტნის მომხრეებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ეკიპაჟის ნახევარი მაშინვე დაიხოცა, ნაწილი კი – მოგვიანებით, ჭრილობებისგან. ცოცხალი მხოლოდ ხომალდის მექანიკოსი გადარჩა, რომელმაც კიდევ რამდენიმე კვირა იცხოვრა გვამებით სავსე გემზე და ბოლოს ჰიპოქსიით ან შიმშილით ნელ სიკვდილს ღია კოსმოსში უსკაფანდროდ გასვლა არჩია. ხომალდი 80 წლის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს პსემეტის ორბიტაზე. ალბათ ვერასოდეს გავიგებდით თუ რა მოხდა ხომალდზე, რომ არა მექანიკოსის მიერ დატოვებული ვიდეოშეტყობინება. იცი ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი?

პროტეინის ფილა გავხსენი და კითხვაზე კითხვით ვუპასუხე – კაპიტნის?

-კაპიტნისაც. ზოგადად ადამიანის, არასრულყოფილების, ალოგიკურობის, მაგრამ თუ კონკრეტულად გაინტერესებს – მექანიკოსის, რომელმაც დედამიწიდან რამდენიმე მილიარდი კილომეტრის დაშორებით გადაწყვიტა, რომ ადამიანები მეორე შანსს არ იმსახურებენ და რომ კაცობრიობამ პასუხი უნდა აგოს პლანეტისა და ერთმანეთის წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის და “პატარა” დივერსიის მოწყობა გადაწყვიტა. იმან, რაც მოგვიანებით რეინოლდსის სინდრომით შევიდა სამედიცინო ენციკლოპედიებში, 64 ადამიანი შეიწირა და რამდენიმე ათწლეულით გადადო პირველი კოლონიის შექმნა.

ჩემი საბორტო კომპიუტერი მორიგ ლექციას მიკითხავდა იმის თაობაზე, რომ ადამიანები თანამედროვე ტექნოლოგიის გარეშე არაფერს წარმოადგენენ.

to be continued…