COCup

თბილისი-ბათუმი-რაჭა-თბილისი, ანუ იქით და აქეთ

დღე ნული

28 ივლისის დილის 10 საათზე ჩანთებაკიდებული გორგილაძე უკვე პიტაჩოკზე იდგა, ბოლთას სცემდა და გულში მაგინებდა. შეიძლება ხმამაღლაც შემაგინა, მაგრამ მე არ გამიგია, ჯერ სახლიდანაც კი არ ვიყავი გამოსული.

პიტაჩოკი მისტიური ადგილია. პირველი და მეოთხე მიკრორაიონების გასაყარზე მდებარე გაჩერება, ვაზისუბნის ბერმუდის სამკუთხედი. ადგილი, სადაც დროისა და სივრცის აღქმა მახინჯდება…

აი, თითქმის მისული ვარ, მაგრამ გზა მაქვს გადასაკვეთი, ანუ მთავარი წინაა. აქედანვე ვიწყებ თავის მართლებას. ვდგავართ მე და გორგილაძე და ვიქნევთ ხელებს, ხან საათზე ვანიშნებთ ერთმანეთს, ხან საფეთქელთან ვიტრიალებთ თითებს, ხანაც უბრალოდ მოწინააღმდეგის მიმართულებით ვიშვერთ ხელს და რაც შეიძლება მკაფიოდ ვამბობთ ორ ყველაზე გამოყენებად ბგერას საქართველოში, ტ-ს და ყ-ს. ბოლოს, როდესაც ვრწმუნდები, რომ გორგილაძესთან მიახლოება სიცოცხლის ფასად არ დამიჯდება, ჯერ მარცხნივ ვიხედები, მერე მარჯვნივ, მერე ისევ მარცხნივ, მერე ისევ მარჯვნივ და გზის გადაკვეთას ვიწყებ. გზაჯვარედინთა მისტიური ბუნების შესახებ ცნობილია, პიტაჩოკი კი ორმაგი გზაჯვარედინია, საიდანაც 7 მიმართულებით შეიძლება გზის გაგრძელება. ერთი მხრიდან მომავალი მანქანა სასწაულებრივ აღმოჩნდება ხოლმე სულ სხვა მხარეს, ყველა შუქნიშანზე ერთდროულად ინთება მწვანე შუქი… მოკლედ, სივრცის გამრუდება ტყუილად არ მიხსენებია. ყველა დაბრკოლების წარმატებით გადალახვისა და პიტაჩოკამდე მიღწევის შემდეგ ჩემი და გორგილაძის კამათი გრძელდება. აქ უკვე დროის გამრუდება იჩენს თავს – მე ვამტკიცებ, რომ 5 წუთზე მეტი არ დამიგვიანია, გორგილაძე კი მტკიცედაა დარწმუნებული იმაში, რომ მინიმუმ ნახევარი საათით გადავაცილე დათქმულ დროს. ბოლოს ერთ რამეზე ვთანხმდებით: საჭიროა ტაქსი გავაჩეროთ და სასწრაფოდ გავიდეთ ვაგზალზე.

თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დეტალებს ამ პოსტში იხილავთ. რატომღაც ისეთი გრძნობა დამრჩა, რომ ტექსტმა საქართველოს რკინიგზის ცენზურა გაიარა. აშკარად მეტის დაწერა შეიძლებოდა და უფრო მკაცრი ტონით. ისევ გორგილაძეს დავესესხები, რომელმაც თქვა, რომ ბასიანის ბრძოლაში არ დაღვრილა იმდენი ოფლი, რამდენიც იმ ვაგონში, ხოლო ჯედაი და პადავანი მამა-შვილის შესახებ კიდევ ათწლეულების განმავლობაში ილაპარაკებენ.

ბათუმში სულ სამი-ოთხჯერ ვარ ნამყოფი, მატარებლით – პირველად. სადგურზე ჩასაფრებულ, აბორიგენ ბინა-ბინა ტაქსისტებს თავი დავაღწიეთ და დავიძარით სასტუმროსკენ. 15 წუთში ადგილზე ვიყავით: ბინძურები, დაქანცულები, დაბოღმილები, მაგრამ მაინც ბედნიერები. წინ კავკასუს ონლაინის თასის სამი გრძელი დღე გველოდა.

 დღე პირველი

საუზმე დილით, შემდეგ შეკრება ლობიში და ბასკოსკენ ჰერი-ჰერი. თუ სწორად მახსოვს, 55 ქართული, სომხური და აზერბაიჯანული გუნდი თამაშობდა. ტურნირის დეტალებს არ ჩავუღრმავდები. არც დიპლომატიურ მინი-სკანდალზე ვისაუბრებ. სამაგიეროდ მოგიყვებით ყველაზე საინტერესოს – 60 მაგიდისა და 360 სკამის დალაგების ამბავს!

ყველაფერი მაგიდების დალაგებით დაიწყო. შემდეგ 6-6 სკამი შემოვუწყვეთ მაგიდებს. ბოლოს კალმები, ბლოკნოტები და პასუხის ფურცლები დავდეთ თითოეულ მაგიდაზე. საინტერესო იყო? არა? კარგი.

ვერ მოვიგეთ.

სვაიაკზე ბაქრაძის ტროიკაში ერთი ყმაწვილი მოხვდა, რომელიც არაოფიციალურად „იმათ აგლაძედ“ მოინათლა. ვერ მიხვდით ან არ გაგეცინათ? იქ უნდა ყოფილიყავით.

ზუსტად არ მახსოვს ეს ღამე იყო თუ მომდევნო, მაგრამ დავლიე და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, აივანზე მჯდარმა გავათენე ღამე. ვიჯექი დებილივით და არ ვიცოდი რა მეკეთებინა. ბოლოს ტელეფონების წიგნაკს ჩამოვყევი და ყველას თითო მესიჯი მივწერე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთგვარ საინტერესო ექსპერიმენტს ვატარებდი და რამე საინტერესო მოხდებოდა. მანამდე არ გეტკინათ არაფერი.

დღე მეორე / დღე მესამე

მათეს ზუბროვკა ჰქონდა ჩამოტანილი. არაყი არ მიყვარს, მაგრამ ზუბროვკის დალევა აშკარად ღირდა. პირველი ჭიქა ცოტა მძიმე იყო. 20 წუთის გაღვიძებული ვიყავი, ძალიან მშიოდა, მციოდა, თავი მისკდებოდა და გვერდითა მაგიდაზე ვიღაც ტვინს ტყნავდა, მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი გამოსწორდა, გავთბი და თავის ტკივილმაც გამიარა. შემიყვარდა ის ბანჯგვლიანი, მწვანე ბოთლი.

მწვანე ბოთლზე გამახსენდა, აზერებთან ერთად ერთი მწვანეთვალება, კურნოსა, მოქერაო გოგო იყო ჩამოსული, რომელსაც 3 დღე შორიდან ვუყურე დებილივით და რომელსაც გორგილაძემ ჩემი გოგო შეარქვა. არ ვგიჟდები ქერებზე, მაგრამ იყო რაღაც ჩემ გოგოში. თეთრ-წითელ-მწვანე დროშა საყვარლად ჰქონდა მოგდებული მხრებზე და მაქსიმუმ გრძელი წამწამების ფახულით გამოხატავდა ხოლმე რომელიმე აზერბაიჯანული გუნდის წარმატებით მოგვრილ სიხარულს.

მეორე და მესამე დღეები ცუდად მახსოვს. საღამოობით ლუდის სმა. Drunktalk მესიჯებით. კონტაქტი. ნომერში სომხური სერიალების ყურება და თარგმანის ჩვენებური ინტერპრეტაცია. უფრო სწორად გორგილაძისეული. ნერვების შლა რაღაც სისულელეებზე. ისევ ლუდის სმა. ისევ drunktalk. რამდენჯერმე ადრესატიც კი შემეშალა და ცოტა უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მაგრამ…

ბათუმი არის ადგილი, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, დღეში სამჯერ მიიღებ შხაპს თუ კვირაში ერთხელ. ქალაქი, სადაც ტენიანობა იმდენად მაღალია, რომ წყლის დაკეტვისთანავე ისევ ოფლიანდები.

რაჭის დღეები

დღე მეოთხე – ბათუმიდან წამოსვლის დილა. მე და გორგილაძე შვიდზე ავდექით, ჩანთები ჩავალაგეთ და წამოვედით. დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარით სხვებთან.

ბილეთებზე პრობლემა არ გვქონია, მძღოლს წინა ღამით შევუთანხმდით.

ბათუმი-ამბროლაურის გზაზე ალბათ გორგილაძე მოგითხრობთ უკეთესად. ალბათ ადგილობრივ ტაქსისტზეც გამოიმეტებს ორიოდ სიტყვას. (გამოიმეტა კიდეც: გორგილაძის პოსტი რაჭაზე) კაცი – სიდინჯე, კაცი – რაჭა, კაცი – მართლა რაჭველები ხო არა ვართ ბიჯო… მოკლედ, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ჩავედით ამბროლაურში. საინტერესო ადგილია. განსაკუთრებული შთაბეჭდილება ფილარმონიამ მოახდინა, უნივერსალურმა მაღაზიამ, რომელშიც გვერდიგვერდ იყიდებოდა სტიქარი, ბურთი და სენდვიჩი.

რაჭის დღეებიდან ბევრი არაფერი მახსოვს. იყო ალკოჰოლი, ჯოკერი, ჩაძირობანა, გუნდური კონტაქტი, კარტოფილის თლა, ზურმუხტისფერი შაორი, ისევ ალკოჰოლი და ისევ ჯოკერი, გაპასტვის წარუმატებელი მცდელობა, გუნიას სამაგალითო თამადობა და გორგილაძის მჭევრმეტყველება. ღამის სამ საათზე რეკვებს და drunktalk-ს აქაც ვერ ავცდი.

ბათუმშივე შევამჩნიე, რომ უფრო მეტს ვეწეოდი. ამბროლაურში დღეში სამ კოლოფამდე ავედი. მიჭირს ისეთი მომენტის გახსენება, როცა ხელში სიგარეტის ანთებული ღერი არ მეჭირა. ისიც შევამჩნიე, რომ სიგარეტს სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა გემო (თუ არომატი?) აქვს. განსაკუთრებით გემრიელი მაინც მანგლისში მომეჩვენა, ვერანდაზე, ცხვირამდე კაპიშონჩამოფარებულს. ფაქტია, რომ სიცივეში მოწევა ასწორებს.

სადაც სიგარეტი ვახსენე, იქ ყავაზეც უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. რაჭაში ყოფნის მეორე დილას უგემრიელესი ყავა დამალევინეს. არ ვიცი რომელმა იყოჩაღა, ნინიამ, ნინომ თუ ნათიამ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია მსგავსი სიამოვნება არ მიმიღია. თბილისში ხომ ყავის სმის წმინდა ცერემონიალი კოფეინის დღიური დოზის მიღების მარტივ პროცედურამდე მაქვს დაყვანილი.

3-4 დღეში დავიშალეთ. გუნია, მე და გორგილაძე თბილისში წამოვედით.

P.S ეს პოსტი მანგლისში იწერება, სადაც ინტერნეტი არ მაქვს და Killzone-ს თამაშითა და Star Wars-ის ყურებით გამყავს დრო. რამდენიმე შენიშვნა:

სკაიუოკერებში ინცესტი მოსული პონტია.

სტორმტრუპერებს (თეთრ ცხენზე ამხედრებულ კიარადა პლასტმასის თეთრ აბჯარში გამოწყობილ ჯარისკაცებს) სპეციალურად ავარჯიშებენ ცუდად სროლაში.

სტორმტრუპერებს ჯავშანი ვერც ლაზერებისგან, ვერც ისრებისგან და ვერც ქვებისგან ვერ იცავს. ლაზერი კი არა ბანანის ქერქზე ფეხი რომ აუსრიალდეს ერთ-ერთს, მთელი ბატალიონი დაიხოცება.

ჯედაები სულ რაღაც ოც წელიწადში მიეცნენ დავიწყებას. პალპატინის კანცლერად არჩევისას მათ მთელს გალაქტიკაში მშვიდობისა და ბალანსის შენარჩუნება ევალებოდათ, A New Hope-ში კი აღარავის ახსოვს ისინი და სჯერა მათი არსებობის. ჯედაები სანტა კლაუსებად იქცნენ.

Attack of the Clones-ში ობი-ვანი ანაკინს ეუბნება: Why do I have a feeling that you will be the death of me? დარწმუნებული ვარ, ფრაზის მოსმენისას Star Wars-ის ფანებმა მთელ პლანეტაზე კოლექტიური ორგაზმი განიცადეს.

არ ვიცოდი, რომ ანაკინს პადავანი ჰყავდა. ასოკასა და ანაკინს შორის სექსუალური დაძაბულობა იგრძნობა და საერთოდ, Clone Wars არც ისეთი საბავშვო სერიალია, როგორიც თავიდან მეგონა.

პირველ სამ ეპიზოდში და სერიალში დროიდებს ორიგინალზე ბევრად უკეთ ექცევიან. ლუკასს მომდევნო ეპიზოდები რომ გადაეღო, აუცილებლად მოხდებოდა დროიდების აჯანყება. დაიწყებოდა დროიდთა უფლებებისთვის ბრძოლა, C3PO ტატუინელი ჩე გახდებოდა.

იოდას ფრაზების ოქროს ფონდიდან: Around the survivors a perimeter create! ჯარისკაცი რომ ვყოფილიყავი, თავზე გადავამტვრევდი იმ კომბალს. 800 წლის ხარ, ლაპარაკი ისწავლე რა შეჩემანალა!

Clone Wars-ში ერთი საინტერესო ეპიზოდია, სადაც ერთმანეთზე მიბმული ანაკინი, ობი-ვანი და დუკუ ერთად გარბიან ციხიდან. წლების შემდეგ ანაკინის ხელით დაიხოცებიან დუკუც და ობი-ვანიც.

მეორე სეზონში ერთი საინტერესო ეპიზოდი შემხვდა, სადაც პატარა, ყვითელი ფერმერები ბაუნტი ჰანთერებს დაიქირავებენ მეკობრეებისგან სოფლის დასაცავად. ოთხ ბაუნტი ჰანთერს სამი ჯედაი შეუერთდება და მეკობრეების თავდასხმამდე ერთად წვრთნიან მოუხერხებელ ფერმერებს. სერია აკირა კუროსავას ეძღვნებოდა.

Clone Wars S03E15 – Overlords
Clone Wars S03E16 – Altar of Mortis
Clone Wars S03E17 – Ghosts of Mortis
ვავა!

S03E19-ის ქეფშენი: Anything that can go wrong will. მერფის კანონი ვარსკვლავურ ომებში.

Star Wars: The Force Unleashed დავხურე ორიოდე წლის წინ. მაშინ ასე ღრმად არ ვიყავი Star Wars-ში. გადათამაშება მომინდა. Knights of the Old Republic-საც აქებენ, ორივეს. ჩასვლისთანავე უნდა დავიწყო.

რატომ უნდა თარგმნო თამაშის პროტაგონისტის, Templair-ის სახელი Риттер-ად? უკეთესად ჟღერს თუ ინგლისური არ ვიცი კარგად და სინამდვილეში ეგრე ითარგმნება? ერთი შემთხვევა გამახსენდა, როცა Tekken 3-ის რუსულ ვერსიაში Paul-ს Вано ერქვა. რა ვანო, წტფ.

 მანგლისის დღეები

P.P.S. უკვე კვირაზე მეტია, რაც მანგლისში ვარ და ყველაფერი მომბეზრდა. ჩამოტანილი ფილმები გამომელია, ტერარიას ვეღარ ვთამაშობ, Molten სეტი შევაგროვე და მუღამი აღარ აქვს, თბილისში აფდეითის დასაყენებლად ჩასვლა მეზარება. მთელი დღე ან ვსვამ, ან რაღაც ყლეობებს ვთამაშობ რაღაც ყლეობებზე. მაგალითად სეკას – ცხვირში კარტის გარტყმაზე ან ჯოკერს – აზიდვებზე. ადგილობრივებს, მიუხედავად იმისა, რომ სულ ტალიკ-ტალიკი ბიჭები არიან, მარტო ალკოჰოლზე, ძუძუებზე და მარიხუანას მურაბაზე შეიძლება ელაპარაკო. ფინანსურმა კრიზისმა აქაც ჩამოაღწია და ვინსტონზე მომიწია გადასვლა.

ორიოდე დღის წინ ადგილობრივი გეი გამაცნეს. ადგილობრივი გეი სოფლის გიჟის მსგავსი სუბიექტია, რომელსაც ყველა იცნობს. ვსვამდით. დაუძახეს, დაუსხეს, მოიკითხეს, ერთი-ორჯერ პახაბნად იხუმრეს ანალურ სექსზე და – მეტი არაფერი. ალბათ აქ ჰომოფობია ტეხავს, ან უბრალოდ იმის დამსახურებაა, რომ ყველა ერთმანეთის ნათესავია.

To be concluded...

Update (04.09.2011) – გაგრძელება აღარ დაიწერება, რადგან მანგლისიდან 2 დღით ჩამოვედი თბილისში და უკან გაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო უკვე 2 კვირაა, რაც აქ ვარ. ფინანსურ კრიზისს მეტნაკლებად თავი დავაღწიე და ისევ კენტზე გადავედი. ტერარია დავააფდეითე, მაგრამ როცა ინტერნეტი გაქვს, თამაშები ისეთი მიმზიდველი აღარ გეჩვენება. ვზივარ მთელი დღეები fb-ზე და f5-ს ვაწვალებ.

2 comments on “თბილისი-ბათუმი-რაჭა-თბილისი, ანუ იქით და აქეთ

  1. სვაიაკზე ბაქრაძის ტროიკაში ერთი ყმაწვილი მოხვდა, რომელიც არაოფიციალურად „იმათ აგლაძედ“ მოინათლა. ვერ მიხვდით ან არ გაგეცინათ?

    მივხვდი და გამეცინა :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s