ორიოდ სიტყვით პლაგიატზე

ძვირფასო მკითხველებო, ალბათ არ იცით, მაგრამ ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს ახალი ლიტერატურის გაცნობას ვუთმობ. დღეს ერთი ნაკლებად ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებზე, “სახურავის ბინადარ კარლსონზე” მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა.

პრინციპში, ბევრი არც არაფერია სათქმელი. წიგნში აღწერილია ერთი ჩვეულებრივი ბიჭის უინტერესო ყოველდღიური ყოფა, რომლის ცხოვრებაშიც სრულიად მოულოდნელად უცნაური, ღიპიანი მეგობარი გამოჩნდება და ზღაპრულ სამყაროში შეუძღვება მთავარ გმირს. სიუჟეტი ხომ არ გეცნობათ? დიახ, დიახ, თქვენ არ შემცდარხართ, ბატონმა ასტრიდმა ფაქტობრივად ჯ.კ. როულინგის “ჰარი პოტერი” გადაწერა და პერსონაჟების სახელები შეცვალა. ბიჭუნას ორი საუკეთესო მეგობარი, კრისტერი და გუნილაც კი რონისა და ჰერმიონას ოდნავ სახეცვლილი ვარიანტები არიან.

შოკოლადის ტორტიც კი მოპარულია

არ ვიცი რისი იმედი ჰქონდა ჰერ ლინდგრენს, რომ შვედეთში არავინ იცოდა ჰარი პოტერის არსებობის შესახებ თუ იმის, რომ ვერავინ ვერაფერს შეამჩნევდა, მაგრამ ფაქტია, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. სხვათა შორის ეს ჰარი პოტერთან დაკავშირებული პლაგიატის პირველი შემთხვევა არაა. სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივზე ერთ ფილმს მოვკარი თვალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი – მოხუცი, ბრძენი, კეთილი წვეროსანი ჯადოქარი (დამბლდორი ???) იყო, რომელიც ახალგაზრდა პროტაგონისტს (ჰარი პოტერი ???) ბნელი ბატონის (ვოლდემორი ???) დამარცხებაში ეხმარებოდა ბეჭდის (ჰორკრუქსების ???) განადგურების გზით. ფილმს, თუ სწორად მახსოვს, “ბეჭდის მბრძანებელი” ერქვა.

იპოვეთ 10 განსხვავება

კარგით, რა… ნამუსიც კარგი საქონელია. გასაგებია, რომ როულინგი გენიოსი და თანამედროვეობის უდიდესი მწერალია, რომელმაც ბავშვებს კითხვა შეაყვარა და სხვა ვაიმწერლებს, თუნდაც ლინდგრენს, ვერც კი წარმოუდგენიათ როგორ უნდა შექმნან რაიმე თუნდაც მიახლოებით კარგი, მაგრამ პლაგიატის მსგავსი შემთხვევები უბრალოდ თავხედობაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი სასამართლოში ჩივილის გარეშე არ ჩაივლის. მიდი ჯოან, ჩვენ შენთან ვართ <3

Calvin

ორიოდე სიტყვა ამ ყმაწვილზე:

  • ათეისტი;
  • ვეგეტარიანელი;
  • სთრეით ეჯი;
  • უამრავი პირსინგით;
  • აპირებს სვასტიკა ამოისვირინგოს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სიყვარულის სიმბოლოა.
  • ასაკი – 13 წელი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავ სხვადასხვა ფორუმზე გადავაწყდი ამ ჭაბუსის ფოტოებს. ზოგის აზრით კელვინი “მაგარი ბავშვია <3″, ზოგი თვლის, რომ იგი უბრალო პოზერია, უფრო მეტი კი – რომ მას შველა სჭირდება. ერთ-ერთმა იუზერმა ისიც დაპოსტა, რომ საჭირო იყო ფორუმელების მიერ ბავშვის მშობლების დახოცვა და მისი ნორმალურ ადამიანად გამოზრდის საკუთარ თავებზე აღება… მოკლედ, კელვინის ფოტოები ხალხში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს.

5 წუთიც არაა, რაც პოსტის წერა დავიწყე, მაგრამ უკვე რამდენჯერმე შევიცვალე აზრი. ერთის მხრივ კარგია, რომ ბავშვს არ ეშინია იყოს განსხვავებული, მაგრამ, მეორეს მხრივ, განსხვავებულობა მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული იყო და ყურადღება მიიქციო – ცუდია. ინტერნეტმა “ალტერნატივშჩიკობა” და განსხვავებულობა ჩვეულებრივ მოვლენად აქცია. სავარაუდოდ კელვინი პოპულარიზებული კულტურის აჯაფსანდალი და საკუთარი აზრის არმქონე ტრაფარეტია.

კელვინის პოსტი:

უამრავ საიტზე იდება ჩემი სურათი და უამრავ საზიზღრობას ლაპარაკობენ ჩემზე, რომ საშინელი მშობლები მყავს, რომ კარგად უნდა მცემონ, რომ პოზერი ვარ და ა.შ

ვცდილობ გულთან ახლოს არ მივიტანო ეს ყოველივე, მაგრამ დიდ დროს ვატარებ B9-ზე, სადაც ვერავინ მიტანს. ის მაცოფებს, რომ არ მიცნობთ და მაინც გამოგაქვთ დასკვნები ჩემზე. მე არ მყავს ცუდი მშობლები. არ მაინტერესებს რას ფიქრობთ ჩემს ყურებზე ან პირსინგებზე. ეს თქვენი პრობლემაა.

რაც შეეხება სვასტიკას.. მე არ ვარ ნაცისტი. აღმოსავლურ კულტურებში სვასტიკა წარმოადგენდა და წარმოადგენს მშვიდობის სიმბოლოს. ნაცისტები მას ხუთიოდე წელი თუ იყენებდნენ.

თქვენი პრობლემაა, თუ არ გჯერათ, რომ ნამდვილი edge ვარ. ამაზე ადრეც დავწერე პოსტი.

ჩემი აზრით საკმარისად დიდი ვარ იმისთვის, რომ მივიღო რაციონალური გადაწყვეტილებები ჩემს სხეულთან დაკავშირებით. თუ დროთა განმავლობაში აზრს შევიცვლი, არა უშავს. ცვლილებები სამუდამო არაა, შემიძლება ყურები “გავიკერო”, მაგრამ არა მგონია რამე შეიცვალოს, უამრავი სხვა რაღაცის გაკეთებას ვაპირებ სხეულზე.

საბოლოო დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია.