გლორბაისტერი, ანუ იქით და უფრო იქით

გლორბმა ეზოში მოთამაშე ბავშვებს თვალი მოწყვიტა და ბუზღუნით მიუბრუნდა ცეცხლზე მოთუხთუხე ქვაბს. უზარმაზარ, გამურულ ჭურჭელში, რომელიც ჯერ კიდევ გლორბის დიდმა ბებიამ ჩამოიტანა წითელი მთების გადაღმიდან და რომელიც, მოხუცის თქმით, ციდან ჩამოვარდნილი ლითონისგან იყო გამოჭედილი, ვორმბურგის ბატონის, ბალთაზარ მეორე ძვალმსხვილის კუთვნილი ღორების სალაფავი იხარშებოდა. გლორბმა კიდევ ერთხელ ჩახედა ადუღებული მასას და დაბოღმილმა კედელს შეაფურთხა: სალაფავი არასაკმარისად სქელი იყო.

ბალთაზარ მეორესთვის ძვალმსხვილი ტყუილად არ შეურქმევიათ, ვორმბურგის თავი 300 კილოზე მეტს იწონიდა, საუზმეზე კი მოზრდილი ნეზვი არ ჰყოფნიდა. ერთი პაჟი იმასაც ამტკიცებდა მისი უძვალმსხვილესობა თითო კი არა, ორი ღორითაც ხშირად იტკბარუნებს ხოლმე პირსო. მოგვიანებით მსახური გვირგვინის მოღალატედ შერაცხეს და თავი წააგდებინეს, მოღალატეებს კი არაფერი დაეჯერებათ. ასე იყო თუ ისე, ბალთაზარი დღეში რამდენიმე ღორს ნთქავდა.

სასახლის კოლტს რამდენიმე ათეული ადამიანი ემსახურებოდა. ღორები რეგულარულად დაჰყავდათ სასეირნოდ, უტარებდნენ სპეციალურ ვარჯიშებს, რათა ქონის ზემდეტად სქელი ფენა არ დასდებოდათ, საკვებად მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ სალაფავსა და ახლადდაკრეფილ ხილს აძლევდნენ, საღამოობით, ძილის წინ, ახალგაზრდა და ფრიად იმედისმომცემი ბარდი ასმენინებდა საკუთარ შემოქმედებას, ამადიელი გრძნეული მკურნალიც კი ჩამოიყვანეს ზღვისგაღმიდან… მოკლედ, ღორების ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

გლორბ ცრუხახუნა ერთ-ერთი იყო იმ მზარეულთაგან, რომლებიც ვორმბურგის სხვადასხვა ფუნდუკებიდან და საცხობებიდან თითქმის ბორკილებდადებული წამოასხეს ციხე-სიმაგრეში და სამეფო მზარეულების შესაფერ ანაზღაურებასაც დაჰპირდნენ, თუმცა ჯერჯერობით აზრად არავის მოსვლია თუნდაც სიმბოლური თანხის, სპილენძის ერთბალთაზარიანის გადახდა. დიახ, ბალთაზარ მეორემ გამეფებისთანავე საკუთარი მონეტები მოაჭრევინა.

“ზამთარი მოდის” – გაიფიქრა გლორბმა და გაყინული თითები ალს მიუშვირა. ცეცხლი გლორბის ძველი და სიმართლე თუ გინდათ, ერთადერთი მეგობარი იყო. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში,ვორმბურგში ახლადჩამოსული და ადგილობრივ მზარეულთან შეგირდად მიბარებული გლორბაისტერი ისე ერთობოდა ხოლმე ღუმელთან საუბარში, რომ კერძის შესამოწმებლად მოსულ ოსტატს ხშირად ზოგადსაკაცობრიო თემებზე მოკამათე გლორბი და ქვაბში მხრჩოლავი ერთი მუჭა ნახშირიღა ხვდებოდა ხოლმე. მაშინ ოსტატი ქამარში გაჩრილ უზარმაზარ ციცხვს იღებდა და მდუმარედ, მაგრამ ბეჯითად, რამდენჯერმე უკაკუნებდა მოწაფეს კინკრიხოში. შეიძლება ამის ბრალიც იყო ის, რომ 20 წლისთვის გლორბს კეფაზე ერთი ღერი თმაც აღარ ჰქონდა.

“რა ჯანდაბა მინდა აქ? დავტეულიყავი სტორმვინდში” – ბუტბუტებდა მზარეული – “რა ჯანდაბა მინდოდა სალაფავებში, მაგრამ არ გაძღა ღორი ბებიაჩემის მუცელი…”ალი დუმდა და უბრალოდ ენების წკლაპუნით გამოხატავდა ხოლმე გლორბის მონოლოგით უკიდურეს დაინტერესებას.

ღირს გაგრდსელება დსმებო?

Stallone

შეხვედრა სტალონესთან

ბლოგის მკითხველებმა ალბათ არ იცით, რომ სტალონე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობია. არ ვხუმრობ. ჩემი ყველაზე ადრეული მოგონებები მჭიდროდაა დაკავშირებული რემბოსთან, როკისთან და მოსამართლე დრედთან და ვთვლი, რომ სლაი ყველა დროის საუკეთესო ექშენ გმირია.

ორიოდე წლის წინ ERASMUS-ის გაცვლითი პროგრამით ჩეხეთის ქალაქ ბრნოში ვიყავი 2 კვირით. წამოსვლის წინა დღეს ქუჩაში გავედი საბოდიალოდ. ბევრი ვიბოდიალე თუ ცოტა, დავიღალე და მომშივდა. ერთ-ერთ პატარა კაფეში შესვლა გადავწყვიტე და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც კუთხეში მდგარ მაგიდასთან მჯდარი სტალონე შევამჩნიე, მონჯღრეული ყბითა და დაძარღვული მკლავებით. კაფე ფაქტობრივად ცარიელი იყო – არც ფანები, არც დაცვის წევრები. დავეჭვდი კიდეც, ორეული მეგონა, მაგრამ რამდენიმეწამიანი დაკვირვების შემდეგ დავრწმუნდი ჩემს წინ მჯდომი ვარსვკლავის რეალურობაში. სლაი რატომღაც ბოლესლავ პრუსის “ფარაონს” კითხულობდა, მაგიდაზე გაურკვეველი სითხით, სავარაუდოდ ბეხეროვკათი სავსე ჭიქა ედგა და კბილებში ჩიბუხი ჰქონდა გარჭობილი. არადა დარწმუნებული ვიყავი, რომ სტალონე არ ეწეოდა, მითუმეტეს ჩიბუხს, მაგრამ რას გაუგებ მსახიობებს, შეიძლება უბრალოდ როლისთვის დასჭირდა. დაახლოებით 10-15 წამი ვიდექი ღია კარებში სრული იდიოტივით და  პირდაღებული ვუყურებდი ბავშვობის კუმირს. ბოლოს ქვედა ყბა ავწიე და ჩვეულებრივი სახის მიღების თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ყურებამდე გახეული პირით შევედი კაფეში, არაბუნებრივად დიდი ნაბიჯებით. დაახლოებით ისე, როგორც 2 წუთით ადრე სპეციალურად გასული მეკვლეები ბრუნდებიან ხოლმე სახლში.

სტალონეს ხსენებაზე ყოველთვის ერთი ისტორია მახსენდება: როკის ცოლს, ედრიანს, სცენარის ორიგინალში პენელოპა ერქვა, მაგრამ სტალონეს სახელის გამოთქმა უჭირდა. “პენეპოლა, მიყვარხარ!” – ყვიროდა სლაი გადასაღებ მოედანზე. ისტორია დიდი არაფერი, მაგრამ ყოველთვის მიტყდება სიცილი, თან ინგლისურად უფრო სასაცილოდ ჟღერს.

მოკლედ, შევმეკვლევდი ამ კაფეში და ერთ-ერთ მაგიდასთან მოვთავსდი, საფულე ხელისგულზე გადმოვფერთხე და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე. ყავა ცივი იყო, ნამცხვარი კი ისეთი მაგარი, რომ ჩაკბეჩაზე ოცნებას შევეშვი და კანფეტივით მოწუწვნა გადავწყვიტე. მოკლედ ვწუწნი ამ ნამცხვარს, ვაყოლებ ცივ ყავას და ძალიან დაინტერესებული სახით ვათვალიერებ კედლებს, შიგადაშიგ კი სტალონესკენ ვაპარებ თვალს. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ გავიხსენე ყველაფერი, რაც პრუსზე ვიცოდი და კაი ჯიგრული ქართული აქცენტითა და ჟესტებით ვკითხე ფარაონის გარდა ბოლესლავის სხვა ნაწარმოებებიც თუ ჰქონდა წაკითხული. შეიძლება უცნაური აქცენტით დაინტერესდა, ან იმან იმოქმედა, რომ ავტოგრაფი არ მითხოვია.. მოკლედ – გამომელაპარაკა და საკმაოდ ვრცელი პასუხიც გამცა. რამდენიმე წუთში უკვე ერთ მაგიდასთან ვისხედით და იაგელონების დინასტიას განვიხილავდით.

ვილაპარაკეთ ბევრი. ვილაპარაკეთ ყველაფერზე. სლაიმ სემინარიაში სწავლის წლები გაიხსენა, საქართველოზეც ვთქვით ერთი-ორი სიტყვა. თავისი დაწერილი ლექსიც კი წამიკითხა, რომელიც, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ძალიან პრიმიტიული მომეჩვენა, მაგრამ არ ვაგრძნობინე.

მოსაღამოვდა. ბრნო-პრაღას ავტობუსი გამთენიისას გადიოდა, მე კი ბარგი მქონდა ჩასალაგებელი. ჩვენი გამომშვიდობების დრო მოვიდა. წამოვდექი, დიდი მადლობა გადავუხადე საინტერესო საუბრისთვის და თუ ოდესმე საქართველოში მოხვდები – შემეხმიანე მეთქი. სლაიმ მაგიდას შემოუარა და კაი ღიპიანი ქართველივით გადამკოცნა. სწორედ ამ დროს მივხვდი ყველაფერს.

  • სტალონე სემინარიაში სწავლობდა;
  • სტალონე ლექსებს წერდა;
  • სტალონე ჩიბუხს ეწეოდა;
  • სტალონემ ქართველივით გადამკოცნა;
  • სტალონე გვარად სტალონე იყო;
  • სტალონე სინამდვილეში გადაცმული სტალინი იყო!

ბელადი წამსვე მიხვდა, რომ მისი ნამდვილი ვინაობა აღმოვაჩინე. მილიმეტრებით ავიცდინე მოქნეული ჩანგალი და გასასვლელისკენ გავიქეცი. სტალინი ფეხდაფეხ მომყვებოდა. ქუჩაზე გადარბენისას კინაღამ მანქანამ გამიტანა, მაგრამ შეჩერების დრო არ იყო, იოსები კიტელის ღილებს იხსნიდა და ნაგანს იღებდა. რამდენიმე წამში პირველი სროლაც გაისმა. ამაცილა! კიდევ ორმა ტყვიამ გაიზუზუნა ჩემს თავთან. საბედნიეროდ – ორივე არაზუსტი აღმოჩნდა. ერთმა მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრია, მეორემ კი – გაოცებისგან პირდაღებული, წითელიროკეზიანი ყმაწვილი მოცელა. ღობეს გადავახტი, სტალინიც უკან მომყვა. 131 წლისაა და ცხენივით დარბის ეს დედამოტყნული! მარჯვნივ შევუხვიე და პირველივე კარში შევვარდი, რომელიც ობოლთა თავშესაფარი აღმოჩნდა. სტალინი მძლავრი ტორებით ცელავდა ობოლ ბავშვებს, მოჩეხილი კიდურები და ნაწლავები აქეთ-იქით ცვიოდა. ის რამდენიმე წამი, რომელიც ბავშვების გმირულმა თავგანწირვამ მომაგებინა, სახურავზე ასაძრომად გამოვიყენე და ბედნიერი შემთხვევის წყალობით იქვე მოფარფატე ვერტმფრენს შევახტი. კიდევ ორი წამიც და სტალინიც სახურავზე აღმოჩნდა. თან მეგობრები ახლდნენ.

-ზა როძინუუუ!.. – ყვირის სტალინი და ნაგანს მესვრის.

-ზა სტალინაააა!..  - ყვირიან წითელარმიელები და ტოკარევს ტენიან.

-ზა ბალინაააა!.. – ყვირიან შუამიწეთის ჯუჯები და ნაჯახებს მიღერებენ.

-მე მამაშენი ვარ!.. – სამ ხმაში ყვირიან დარტ ვეიდერი, გივი სიხარულიძე და დებორა გუტიერესი.

-ვაი დუ დეი დუ დეთ?! – შლის ხელებს ცისანა ჭყადუა.

უხმო უპირატესობის გრძნობით განმსჭვალული მზერით შემომცქერის ვიღაც ცისფერპერანგიანი კაცი და უნივერსალურ პოზაში დგება.

-თქვენი დედა მოვტყან! – ვღრიალებ მთელი ხმით და სულ ზემოთ, ზემოთ, მაღლა და მაღლა მივიწევ.

Exodus

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიაღწია ტექნიკური პროგრესის უმაღლეს საფეხურს, ტერაფორმირება დღესაც რთულ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს. სისტემათაშორისი ექსპედიციების პირველი მცდელობები რამდენიმე საუკუნის წინ დაიწყო.

დიდი ხნის წინ, როდესაც ადამიანს არც წყალი დაებინძურებინა, არც ფლორა და ფაუნა გაენადგურებინა და არც დედამიწის ზედაპირი გაეხადა საცხოვრებლად უვარგისი, არსებობდა ხომალდი, რომელიც ახალი მიწებისა და რესურსების აღმოსაჩენად აიგო. ეკიპაჟი დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით შეუდგა მისიის შესრულებას. ექსპედიციის დაწყებამდე საზეიმო ფიციც კი დადეს, რომლითაც კაპიტანს არწმუნებდნენ, რომ მათ ნებას შიმშილი, ავადმყოფობა და სიკვდილის შიში ვერ დაიმორჩილებდა. მისიის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ხომალდმა კავშირი დაკარგა დედამიწასთან. მწობრიდან გამოვიდა სანავიგაციო სისტემა. გემზე მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები ფუნქციონირებდა. ეკიპაჟის ნაწილი აჯანყდა. ამბოხებულებსა და კაპიტნის მომხრეებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ეკიპაჟის ნახევარი მაშინვე დაიხოცა, ნაწილი კი – მოგვიანებით, ჭრილობებისგან. ცოცხალი მხოლოდ ხომალდის მექანიკოსი გადარჩა, რომელმაც კიდევ რამდენიმე კვირა იცხოვრა გვამებით სავსე გემზე და ბოლოს ჰიპოქსიით ან შიმშილით ნელ სიკვდილს ღია კოსმოსში უსკაფანდროდ გასვლა არჩია. ხომალდი 80 წლის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს პსემეტის ორბიტაზე. ალბათ ვერასოდეს გავიგებდით თუ რა მოხდა ხომალდზე, რომ არა მექანიკოსის მიერ დატოვებული ვიდეოშეტყობინება. იცი ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი?

პროტეინის ფილა გავხსენი და კითხვაზე კითხვით ვუპასუხე – კაპიტნის?

-კაპიტნისაც. ზოგადად ადამიანის, არასრულყოფილების, ალოგიკურობის, მაგრამ თუ კონკრეტულად გაინტერესებს – მექანიკოსის, რომელმაც დედამიწიდან რამდენიმე მილიარდი კილომეტრის დაშორებით გადაწყვიტა, რომ ადამიანები მეორე შანსს არ იმსახურებენ და რომ კაცობრიობამ პასუხი უნდა აგოს პლანეტისა და ერთმანეთის წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის და “პატარა” დივერსიის მოწყობა გადაწყვიტა. იმან, რაც მოგვიანებით რეინოლდსის სინდრომით შევიდა სამედიცინო ენციკლოპედიებში, 64 ადამიანი შეიწირა და რამდენიმე ათწლეულით გადადო პირველი კოლონიის შექმნა.

ჩემი საბორტო კომპიუტერი მორიგ ლექციას მიკითხავდა იმის თაობაზე, რომ ადამიანები თანამედროვე ტექნოლოგიის გარეშე არაფერს წარმოადგენენ.

to be continued…

Oclumeption


ჰარიმ სათვალე მოიხსნა და გვერდით მდგარი რონისგან მალულად შუბლი მოისრისა. მინიატურულ, ნესტიან კაბინეტში, რომელიც ჰოგვარტსის სამხრეთ-დასავლეთი ფრთის სიღრმეში მდებარეობდა, სითბოსა და სინათლის ერთადერთ წყაროს პროფესორის მაგიდაზე მკრთალად მოციმციმე სანთელი წარმოადგენდა.

-პოტერ, ძილი ხომ არ მოგერიათ? – პროფესორი მაიკროფტის ფალცეტო საეჭვოდ ჩამოჰგავდა ნორჩი მანდრაგორას წივილს. რონს გააჟრჟოლა.

-არა, პროფესორო. უბრალოდ სათვალის გაწმენდა მინდოდა.

-გაწმინდეთ? – პროფესორის მკივანა ხმაზე ჰარის გრიფინდორის კოშკში მოსმენილი ისტორია გაახსენდა, რომელიც ახალგაზრდა მაიკროფტის მიერ დისაპარაციის გამოყენებისას მომხდარი უბედური შემთხვევის გამო გამქრალ ყვერებს უკავშირდებოდა – მაშინ, თქვენის ნებართვით, განვაგრძოთ.

-იმ დღეს, ჯამში, ექვსი ხილვა მქონდა. ვგრძნობდი, რომ ვოლდემორს ემოციების მოთოკვა უჭირდა – ჰარიმ შეამჩნია, რომ პროფესორმა ბნელი ბატონის სახელის გაგონებისას წამით წერა შეწყვიტა და ჩაფიქრდა. როგორც ჰარი მოელოდა, საღ აზრს სიფრთხილემ აჯობა. …ის-ვისი-სახელიც… – ბუტბუტებდა მაიკროფტი და ბატის ფრთის წვერს ყვითელ პერგამენტზე აწრიპინებდა. ჰარიმ მოხითხითე რონს შეუბღვირა და განაგრძო – ჩავთვალეთ, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვ…

-ჩათვალეთ, პოტერ? – მაიკროფტმა თვალები მოჭუტა – თქვენ და პროფესორმა სნეიპმა?

-არა, მე და რონმა. სნეიპ..პროფესორი სნეიპი უბრალოდ ლეგილემენციაში მავარჯიშებდა.

-გასაგებია. – პროფესორმა პერგამენტების დასტაში დაიწყო ქექვა – რონალდ ბილიუს უიზლი. მამათქვენი, არტური, სამინისტროში მუშაობს. ისიცაა ამ ამბავში გარეული?

-არა – რონს ღიმილი სახეზე შეეყინა – და რომ გაიგოს, ჩემ თავს მაქციას შეაჭმევს.

-მოკლედ, ჩავთვალეთ, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა – განაგრძო თხრობა ჰარიმ – და დახმარებისთვის პროფესიონალს მივმართეთ.

-პროფესიონალს? – ისევ დაუწვრილდა თვალები მაიკროფტს.

-დიახ, პროფესორო. დომ კობს.

tbc

ლექსი!

და მაშინ, როცა ორგრიმარში მზე ქვიშას ათბობს
გაყინულ ტახტზე მჯდომი არტასი ცხვირსახოცს ეძებს,
მამის გამყიდველს ვეღარც ნერ’ზულის ბოხი ხმა ართობს,
ვეღარ წყეული ფროსტმოურნი საყვარელ მეფეს.

ტახტს დაჰყინვია ნაბიჭვარი მენეთილების,
სახსრებში ამტვრევს ლიჩთა მეფეს, მაგრამ რას იზამს?
მხოლოდ იოხებს გულს გინებით კარგ-კეთილების.
იმ დღეს აგინებს, როს მიაღწია სასურველ მიზანს.