სიკვდილის გარდაუვალობაზე სერიოზულად პირველად ჩემი კატის თვითმკვლელობის შემდეგ დავფიქრდი. იმ საბედისწერო დილას აივანზე გასულმა პირველ სართულზე მცხოვრები მეზობლის ბეტონის სახურავზე გაბრტყელებულ, უფორმო, შავ-თეთრ-წითელ ლაქაში “ფისოს” ამოცნობის შემდეგ ჩავიცვი, პარკებით შევიარაღდი და ნება-ნება ჩავუყევი კიბეს, რადგან ჩემი სადარბაზოს ლიფტს ოთხმოცდაცამეტი წლის დიდი ძარცვის შემდეგ აღარ ემუშავა.
ფისო იმ დროისთვის ჯან-ღონით სავსე 4 წლის მდედრი სმოკინგიანი კატა გახლდათ, რომელიც 3-4 კვირის ასაკიდან იზრდებოდა ჩვენთან, რომელსაც სახელი უბრალოდ ვერ შევურჩიეთ, რომელმაც არაერთი საყვარელი შრამი დაგვიტოვა სახესა და ხელებზე და რომელიც, სამწუხაროდ, ქალწული გავიდა გაღმა ნაპირზე.
მოკლედ, გულკეთილი (იმდენი მაგათი კარგი მოვტყან) მეზობლების დახმარებით ავფოფხდი სახურავზე, ფისო პარკებში გავახვიე და ახლომდებარე ნაძვნარისკენ გავემართე გვამითა და ბარით ხელში კაი სერიული მკვლელივით. არ მოგატყუებთ და ბებიაჩემის პანაშვიდებზე არ მიტირია იმდენი, რამდენიც ფისოს საფლავის გათხრისას.
ალბათ ვერასოდეს გავიგებ ჩემი კატის იდუმალებით მოცული სიკვდილის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს. შეიძლება მორიგ ღამურაზე ნადირობისას გადავარდა ფანჯრიდან, ან აივნის ხარიხებზე სეირნობისას დაუცა ფეხი, ან მუდმივმა სექსუალური დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ ქნა თავისი… მოკლედ – ფისო მოკვდა.
რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო ჩემი ყველა შინაური ცხოველი ტრაგიკულად ამთავრებდა სიცოცხლეს:
- ზაზუნა, რომელიც ყიდვიდან 1 თვეში მოკვდა;
- კურდღელი, რომელმაც 1 კვირაც ვერ გამიძლო;
- კუ, რომელმაც ზამთრის დადგომისას “დაიძინა” და აღარ გაუღვიძია და რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე დღის მკვდარი იყო, როდესაც მივხვდი, რომ ანაბიოზი არაფერ შუაში იყო;
- კატა, რომელიც ერთ დღეს უბრალოდ აორთქლდა;
- მეორე კატა, რომელმაც 4 წელი გამიძლო, მაგრამ ბოლოს მაინც მეცხრედან გადახტომა ამჯობინა ტყვეობას;
- 11 თევზი, რომლებმაც ჯერ ერთმანეთი დაჭამეს და მერე გაურკვეველი მიზეზების გამო ერთი მეორეს მიყოლებით დაიხოცნენ;
ერთადერთი ცხოველი, რომელიც ასე თუ ისე მიუახლოვდა თვითმკვლელი კატისა და ჩემი თანაარსებობის ხანგრძლივობის რეკორდს, მაიმუნია.
მოკლედ, ძვირფასო მკითხველებო, ზაზუნას ყიდვა მინდა და თან მეცოდება… რა ვქნა?


