გლორბაისტერი, ანუ იქით და უფრო იქით

გლორბმა ეზოში მოთამაშე ბავშვებს თვალი მოწყვიტა და ბუზღუნით მიუბრუნდა ცეცხლზე მოთუხთუხე ქვაბს. უზარმაზარ, გამურულ ჭურჭელში, რომელიც ჯერ კიდევ გლორბის დიდმა ბებიამ ჩამოიტანა წითელი მთების გადაღმიდან და რომელიც, მოხუცის თქმით, ციდან ჩამოვარდნილი ლითონისგან იყო გამოჭედილი, ვორმბურგის ბატონის, ბალთაზარ მეორე ძვალმსხვილის კუთვნილი ღორების სალაფავი იხარშებოდა. გლორბმა კიდევ ერთხელ ჩახედა ადუღებული მასას და დაბოღმილმა კედელს შეაფურთხა: სალაფავი არასაკმარისად სქელი იყო.

ბალთაზარ მეორესთვის ძვალმსხვილი ტყუილად არ შეურქმევიათ, ვორმბურგის თავი 300 კილოზე მეტს იწონიდა, საუზმეზე კი მოზრდილი ნეზვი არ ჰყოფნიდა. ერთი პაჟი იმასაც ამტკიცებდა მისი უძვალმსხვილესობა თითო კი არა, ორი ღორითაც ხშირად იტკბარუნებს ხოლმე პირსო. მოგვიანებით მსახური გვირგვინის მოღალატედ შერაცხეს და თავი წააგდებინეს, მოღალატეებს კი არაფერი დაეჯერებათ. ასე იყო თუ ისე, ბალთაზარი დღეში რამდენიმე ღორს ნთქავდა.

სასახლის კოლტს რამდენიმე ათეული ადამიანი ემსახურებოდა. ღორები რეგულარულად დაჰყავდათ სასეირნოდ, უტარებდნენ სპეციალურ ვარჯიშებს, რათა ქონის ზემდეტად სქელი ფენა არ დასდებოდათ, საკვებად მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ სალაფავსა და ახლადდაკრეფილ ხილს აძლევდნენ, საღამოობით, ძილის წინ, ახალგაზრდა და ფრიად იმედისმომცემი ბარდი ასმენინებდა საკუთარ შემოქმედებას, ამადიელი გრძნეული მკურნალიც კი ჩამოიყვანეს ზღვისგაღმიდან… მოკლედ, ღორების ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

გლორბ ცრუხახუნა ერთ-ერთი იყო იმ მზარეულთაგან, რომლებიც ვორმბურგის სხვადასხვა ფუნდუკებიდან და საცხობებიდან თითქმის ბორკილებდადებული წამოასხეს ციხე-სიმაგრეში და სამეფო მზარეულების შესაფერ ანაზღაურებასაც დაჰპირდნენ, თუმცა ჯერჯერობით აზრად არავის მოსვლია თუნდაც სიმბოლური თანხის, სპილენძის ერთბალთაზარიანის გადახდა. დიახ, ბალთაზარ მეორემ გამეფებისთანავე საკუთარი მონეტები მოაჭრევინა.

“ზამთარი მოდის” – გაიფიქრა გლორბმა და გაყინული თითები ალს მიუშვირა. ცეცხლი გლორბის ძველი და სიმართლე თუ გინდათ, ერთადერთი მეგობარი იყო. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში,ვორმბურგში ახლადჩამოსული და ადგილობრივ მზარეულთან შეგირდად მიბარებული გლორბაისტერი ისე ერთობოდა ხოლმე ღუმელთან საუბარში, რომ კერძის შესამოწმებლად მოსულ ოსტატს ხშირად ზოგადსაკაცობრიო თემებზე მოკამათე გლორბი და ქვაბში მხრჩოლავი ერთი მუჭა ნახშირიღა ხვდებოდა ხოლმე. მაშინ ოსტატი ქამარში გაჩრილ უზარმაზარ ციცხვს იღებდა და მდუმარედ, მაგრამ ბეჯითად, რამდენჯერმე უკაკუნებდა მოწაფეს კინკრიხოში. შეიძლება ამის ბრალიც იყო ის, რომ 20 წლისთვის გლორბს კეფაზე ერთი ღერი თმაც აღარ ჰქონდა.

“რა ჯანდაბა მინდა აქ? დავტეულიყავი სტორმვინდში” – ბუტბუტებდა მზარეული – “რა ჯანდაბა მინდოდა სალაფავებში, მაგრამ არ გაძღა ღორი ბებიაჩემის მუცელი…”ალი დუმდა და უბრალოდ ენების წკლაპუნით გამოხატავდა ხოლმე გლორბის მონოლოგით უკიდურეს დაინტერესებას.

ღირს გაგრდსელება დსმებო?

Let the Game of Thrones Begin!

HBO-მ დაბადების დღისთვის პატარა საჩუქარი გამიკეთა - ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის საგის, “A Song of Ice and Fire“-ის ეკრანიზაციის პირველი სერია. სერიალი, რომელიც ფენტეზის ნებისმიერმა მოყვარულმა (და არამარტო) უნდა ნახოს. ჯორჯ მარტინის სამყარო, რომელიც ტოლკინის არდასგან განსხვავებით მუქ ფერებშია დახატული და შუა საუკუნეების ისტორიას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე მითოლოგიას, სავსეა სიყვარულით, ღალატით, სექსით, ანგარებით, მკვლელობით…

მოკლედ, იმედია დაგაინტერესებთ.

ტრეილერი:

ლინკები:

Continue reading

Lost_by_kerembeyit

ჰალლთია

გინახავთ ოდესმე ელფის გვამი? ახალმოკლულს არ ვგულისხმობ. ახალმოკლული ელფი ლამაზია. უძველეს ნეშტებზე ვამბობ. ძველი ელფები ლამაზები აღარ არიან. მართალია ადამიანებივით არ ლპებიან და არც მწერები ჭამენ, მაგრამ მაინც. რატომ არ კადრულობენ მატლები ელფის ხორცს, ან რატომ ვერ ბედავენ მიკარებას, არ ვიცი. ელფებს და ცხოველებს ხომ ასე კარგად ესმით ერთმანეთის. გსმენიათ ოდესმე ცხოველების მიერ დაგლეჯილ წვეტიანყურებიანზე? არც მე… შუა ზამთარში მშიერ მგლებთან ერთად სეირნობენ ტყეებში და სიმღერით ართობენ. დათვებთან შედიან ბუნაგებში და ძველი ნაცნობებივით ესაუბრებიან. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ახალგაზრდა, შავთმიანმა ელფმა ორმოში ჩავარდნილი მგლის ლეკვი ამოათრია, ქათქათა კბილები გადმოყარა და გვითხრა – დედამისმა მთხოვაო…

ძველი ელფების ნეშტებზე ვლაპარაკობდი. დიდი ფულის შოვნა შეიძლება, ოღონდ უნდა იცოდე სად ეძებო და ელფური წყევლების არ უნდა გეშინოდეს. მე არ მეშინია. არ მჯერა ცრურწმენების.

უამრავი ელფური ლეგენდა არსებობს. მე მაინტერესებს ელფების ლეგენდები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ვინმეს სიკვდილით მთავრდება და დასაფლავების ადგილია ნახსენები. ლეგენდებში ნახსენები ადგილების პოვნა არაა ძნელი, ელფური სახელწოდებები ხომ არასოდეს იცვლება. მაგალითად წინისწინა ზაფხულს რუოქოში ვიყავით მე და ნერეზორი, იქაური ბებერი ნაბიჭვარი. ნერეზორზე ამბობენ, ახალგაზრდობაში ეტელა მეტსააში მიმავალ მგზავრებს აყაჩაღებდაო. ეგ არაფერი. იმასაც ამბობენ მარტო ფულის წართმევას არ სჯერდებოდა და გაძარცვულებს ცოცხლად სთხრიდაო თვალებს. მსხვერპლს თავში ქვის ჩარტყმით თიშავდა ოღონდ, ხელი რომ არ შეშლოდა. თვალები რად უნდოდა არავინ იცის. ალბათ რომელიმე თუმუსმაგუსთან მიჰქონდა, კარგ ფულს იხდიან მსგავს მასალაში. ნაბიჭვარი იყო ნერეზორი. თუმცა მე რა მაქვს სათქმელი, არანაკლები ვარ. მართალია მგზავრებს არ ვაყაჩაღებ, არც თვალებს ვთხრი და არც ვხოცავ (უმიზეზოდ), მაგრამ ჩემი საქმიანობის გამო მე უფრო ამრეზით მიყურებენ. ალბათ ასეც ჯობია.

მოკლედ რუოქოში ვართ მე და ნერეზორი, უძველესი ტყის შუაგულში რომ პატარა მდელოა, იქ. ისეთი მოსწორებულია, გაყინული ტბის ზედაპირი გეგონებათ. ქარიც კი არ ქრის, რომ ბალახი არხიოს, ხეები აკავებენ ქარებს. მდელოს ცენტრში პატარა გორაკია, ადამიანის წელამდე სიმაღლის და ოციოდე ნაბიჯის სიგრძის. ჩვეულებრივი გორაკი ეგონება კაცს, ის ელფური ლეგენდა რომ არ ჰქონდეს მოსმენილი, მე და ნერეზორმა რომ მოვისმინეთ 1 თვის წინ.

იმ გორაკის ადგილას ოდესღაც ელფის, კირკიასის აკლდამა იყო. ლეგენდა ამბობდა კირკიასი ლამაზი იყოო, ვითარცა მუხის ფოთოლი მთვარიან ღამეს (სილამაზის უცნაური აღქმა აქვთ ელფებს). მრავალ წელს იცოცხლა კირკიასმა, იმდენ ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა, რამდენი ხეც არისო სუურის ტყეში. იმდენი მტერი გამოუსალმებია სიცოცხლეს, რამდენი თევზიც დაცურავსო მდინარეებში და ბოლოს ყაჩაღებს მოუკლავთ წამებით. ყურები დაუჭრიათ სიკვდილის წინ, ამიტომ თავშეხვეული დაუკრძალავთ კირკიასი. უყურო ელფი უმახინჯესად ითვლება თანამოძმეებს შორის. ადამიანებსაც ამიტომ უყურებენ ზემოდან ელფები, დაუმთავრებლებს გვეძახიან დაცინვით, ღმერთებს თქვენთვის ყველაზე მთავარის მოცემა დაავიწყდათო.

მე და ნერეზორმა ხმლები მოვიხსენით. ჩემი ხეზე ჩამოვკიდე, არ მინდოდა ნაწვიმარ ბალახზე დაგდება. თუ ხმალს უყურადღებდ მოექცევი, ჟანგი შეეპარება და გადამწყვეტ მომენტში გიმტყუნებს, ბუდიდან ვერ ამოაძრობ ან საერთოდაც ცარიელი ვადა შეგრჩება ხელთ. ნერეზორმა თავისი ყვითელი კბილები გამოაჩინა, რაღაც ჩაიბურტყუნა და ქარქაშიანად ჩაარჭო თავისი ხმალი გორაკის გვერდით. თხრის დაწყების დრო მოვიდა.

გინახავთ ოდესმე ელფური აკლდამა? ეს ამპარტავანი დიდყურები ტყეებში ცხოვრობენ, ხეებზე, მინდვრებში, მაგრამ ქვასთან ურთიერთობაც შეუძლიათ. ასეთი ორნამენტები არსად მინახავს, ადამიანების აშენებულ არცერთ ქალაქში. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ საუკუნეებისა და ზოგჯერ ათასწლეულების წინ აშენებული ელფური აკლდამები არ ინგრევა. ნელ-ნელა მიწით იფარება, მაგრამ რომ ამოთხაროთ, გეგონებათ დღეს დაამთავრეს შენებაო. თითქოს დროს ენანებაო და არ სურს მისი დანგრევა.

ჩვენ მხოლოდ შესასვლელის ამოთხრა გვინდა. ელფურ აკლდამებს ყოველთვის ჩრდილოეთით აქვთ კარი. რიგრიგობით ვთხრიდით, სწრაფად და ჩუმად. მხოლოდ ნერეზორის წუწუნი ისმოდა ხანდახან, წერაქვი მძიმეა და წელი მტკივაო, ან ხელისგულზე გაჩენილ ბებერებს უჩიოდა და საცოდავი თვალებით მიყურებდა ხოლმე, მაგრამ როგორც კი შევეცვლებოდი, წელში გაიმართებოდა, თვალები ეშმაკურად აუთამაშდებოდა და ისტორიების მოყოლას იწყებდა ნახევარელფ, შავთვალა მეძავებზე. სამიოდე საათში შესასვლელს მივადექით. აკლდამის კარი ელფური რუნებითაა დაფარული და როგორც წესი, წყევლა აწერია ხოლმე. წერია, რომ ყველა არაელფს, ვინც კარს გასცდება, საშინელი სიკვილი ელის, სამუდამოდ უბედური იქნება და ა.შ. მოკლედ, სტანდარტული ელფური წყევლები.

წეღან ვთქვი, რომ ელფური აკლდამები არ ინგრევა. დავაზუსტებ: ელფურ აკლდამებს დრო ვერ აყენებს ზიანს. ურო კი დრო არ არის. მე და ნერეზორი ახლა ერთად ვმუშაობდით. სწრაფად და შეძლებისდაგვარად უხმაუროდ. ის ნაბიჭვარი ახლაც ზარმაცობდა: ჩემი ორი დარტყმის შემდეგ ერთხელ, ზანტად და უგულოდ იქნევდა თავის უროს და უფრო ხელს მიშლიდა ვიდრე მეხმარებოდა. კარი სწრაფად გამოვამტვრიეთ. მიყვარს ის სუნი. გიკვირთ ალბათ, დამპალი ელფის სუნი რა სასიამოვნო იქნებაო, მაგრამ სანამ თვითონ არ შეიყნოსავთ, ვერ მიხვდებით. ამ დროს ყოველთვის ვხუჭავ თვალებს და ნესტოებით ხარბად ვქაჩავ ჰაერს… სუნი სწრაფად ქრება. ნერეზორს გადავხედე, ისიც თვალდახუჭული იდგა და ღრმად სუნთქავდა. უცებ მომეჩვენა, რომ არც ისეთი ნაბიჭვარი იყო, როგორიც ჩანდა, მაგრამ მხოლოდ მომეჩვენა. თვალი გაახილა, შემომხედა და ჩახრინწული ხმით ჩაიბურტყუნა: „ამ ფულით საკუთარ ბორდელს გავხსნი…“

ჯერ მე შევედი. გამომტვრეული კარებიდან სინათლე შემოდიოდა, მაგრამ იმდენი არა, რომ საგნები კარგად გამერჩია. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და გავჩერდი, მინდოდა სიბნელისთვის თვალი შემეჩვია. უცბად ნერეზორის ყვირილი და გინება გავიგე. სწრაფად შევტრიალდი:

-რა მოხდა?!

-თავი მივარტყი…

-ყოჩაღ!

ელფების ნეშტი პირდაპირ მიწაზე დევს ხოლმე. მეომრებს, როგორც წესი, მკერდზე საყვარელი იარაღი და მშვილდი ადევთ, აბჯარი აცვიათ და თავქვეშ ფარი აქვთ ამოდებული. კირკიასიც მეომარი იყო. გულზე ვერცხლისფერი მიეკკა უდევს, რომელიც სიმტკიცითა და სიმსუბუქითაა გამორჩეული, აბჯარიც ძვირფასი ჩანს, თუმცა სიბნელეში ვერ ვარჩევ კარგად. ამ ყველაფერში შეიძლება ბევრი ფული ავიღოთ, მაგრამ აქ ამისთვის არ მოვსულვართ. კირკიასის წაღება გვინდა.

საქმე იმაშია, რომ სიკვდილის შემდეგ ელფები რბილდებიან. ადამიანებიც რბილდებიან, მაგრამ სხვაგვარად. ჩვენ ვლპებით, ისინი – სურნელოვან ჟელედ გარდაიქმნებიან. რაც უფრო ძველია ელფი, მით უფრო რბილია ის. მინახავს ნეშტი, რომელიც თითქმის მთლიანად იყო მიწაში ჩაღვრილი. მხოლოდ მუზარადში იყო ცოტა ჩარჩენილი და მათარაში გადასხმა მომიწია. კირკიასი შედარებით ახალია. ფორმა თითქმის არ შეუცვლია. ცხვირის გარჩევაც კი შეიძლება შეხვეულ თავზე. აღარც კი მახსოვდა კირკიასის მოჭრილი ყურების ამბავი. ახლა მე და ნერეზორი ნეშტს ნაწილებად დავჭრით, თანაბრად გავინაწილებთ და საკუთარ გზებზე წავალთ. მას თავისი მყიდველი ჰყავს, მე – ჩემი. სამხრეთ ოკირაში ნაცნობი ვალასმაგუსი ცხოვრობს, ველიოსი. ველიოსი ელფის ნეშტს ჰალლთიას ეძახის და ამბობს, რომ ერთი ტომარა ჰალლთიისგან ის 100 კოლოფ მალამოს დაამზადებს, ერთ კოლოფს კი 50 ადამიანის გადარჩენა შეუძლია. ველიოსს ჰალლთიით იმიტომ არ ვამარაგებ, რომ კეთილი მიზნები მამოძრავებს. უბრალოდ თავი გამაქვს. ვალასმაგუსები ღარიბებივით ცხოვრობენ, თუმცა, როგორც წესი, ბევრი ფული აქვთ.

უცბად ფიქრებიდან გამოვერკვიე და მივიხედ-მოვიხედე. ნერეზორი აკლდამაში არ იყო. რა სჭირს, მოშარდვა მოუნდა და გარეთ გავიდა? მის საქციელს არ ჰგავს, კირკიასის წაღებას რომ არ ვაპირებდეთ, ზედ დააფსავდა.

-ნერეზორ!..

სრული სიჩუმე.

-ნერე!

გარეთ გასვლა გადავწყვიტე. აკლდამიდან გამოვედი და თვალები მოვისრისე, სიბნელეში ნამყოფს შუქი თვალს მჭრიდა, მაგრამ მაინც შევამჩნიე, რომ აკლდამის გვერდით ცარიელი ქარქაში იყო ჩარჭობილი. მაშინვე მივხვდი ყველაფერს. რატომღაც მარცხნივ გადავხტი. როგორც გაირკვა, დროულად. იქ, სადაც წამის წინ ვიდექი, ნერეზორის ხმალმა გაიზუზუნა.

-შე ნაბიჭვარო!!!

თავიდან ვერც კი მივხვდი, რომ ეს მე ვთქვი. ყველაფერს შენელებულად ვხედავდი. გაოფლილი, თვალებგადმოკარკლული და დორბლიანი ნერეზორი გამწარებული იქნევდა ხმალს და ცდილობდა სადმე მაინც მოეხვედრებინა. გამეცინა. და სულ ტყუილად. ორი სანტიმეტრით მარჯვნივ და ყელგამოღადრული ვეგდებოდი ბალახში. ხელი ქამართან მივიტანე და გამახსენდა, რომ ხმალი მინდვრის განაპირას, ხეზე ჩამოვკიდე. ნაბიჭვარი ნერეზორი! ვითომ ყველაფერი წინასწარ გათვალა? ნაბიჭვარი! ნაბიჭვარი! ნაბიჭ!.. ტკივილი არც მიგრძვნია, უბრალოდ ლოყა დამისველდა და ნერეს გახარებული თვალებით მივხვდი, რომ სისხლი მომდიოდა. სერიოზული არაფერი, იმედია ნაიარევი არ დამრჩება. თუმცა ნაიარევსაც გააჩნია, ზოგს უხდ… რა დროს ამაზე ფიქრია! ჯობია ხმალზე იფიქრო. ახლა რომ შევტრიალდე და ხისკენ გავიქცე, ვეღარ დავინახავ ნერეს მოქნეულ ხმალს და შესაბამისად აცილებაც გამიჭირდება. სანამ იქამდე მივაღწევ… თან არ მინდა ზურგში ხმალგაყრილი მიპოვონ, ლაჩრის სიკვდილია ეგ. უცბად თავში დამარტყა: მიეკკა! კირკიასის ხმალი. აქამდე რატო არ მომაფიქრდა? წელში ორად მოვიკეცე, ნერეს დარტყმა ავიცილე და აკლდამაში შევვარდი.. ვიგრძენი რომ ნერეზორიც უკან მომყვა. ორად მოკეცილმა მივირბინე კირკიასთან, ორად მოკეცილმა მოვკიდე ხელი მიეკკას, მიწაზე გადავტრიალდი, მუხლებზე დამდგარი მთელი ტანით შემოვბრუნდი და მოქნეული მიეკკათი თეძოდან ჭიპამდე გავჩეხე ნერე. საწყალი ნერეზორი. თვალებზე შევატყვე, რომ ვერც მიხვდა რა მოუვიდა. დაუფიქრებლად შემომყვა აკლდამაში. მე მხოლოდ რამდენიმე წამი ვიყავი დღის სინათლეზე და ადვილად შევაჩვიე თვალი სიბნელეს, ის კი – წუთზე მეტი და ჯერაც ვერ მხედავდა.

ნერე ჯერ მუხლებზე დაეცა, შემდეგ თავი დადო მიწაზე და რაღაც ამოილუღლუღა ბორდელზე და სამუდამოდ დახუჭა თვალები. ხარბი ნაბიჭვარი.

რუოქოში მომხდარი ამ შემთხვევის შემდეგ არასოდეს მომიცილებია ზურგიდან მიეკკა.

***

ხავსის საფარიდან, რომელიც აკლდამის კარს ფარავდა, მოზრდილი ნაჭერი ამოვხიე და სიცილი ამიტყდა. ელფის მტკიცე ხელით საუკუნეების წინ ნაკვეთი რუნებით ქვის ზედაპირზე წყველა იყო გამოყვანილი: „Anna ukkonen lyö sinua“, რაც პირდაპირ თარგმანში „მეხი კი დაგაყარეს“ ნიშნავს.

შებოლილი ქონის ბოლო ლუკმა პირში ჩავიდე, ცხიმიანი ხელები შარვალზე შევიწმინდე და საქმეს შევუდექი. რამსიგრძე ტარი აქვს, როცა მოვიცლი, დავამოკლებ. ურო მთელი ძალით მოვიქნიე და იმ ადგილას ჩავარტყი კარს, სადაც სიტყვა ukkonen იყო ამოკვეთილი. როგორც კი ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და მეორე დარტყმისთვის მოვემზადე, ლოყაზე წვიმის პირველი წვეთი ვიგრძენი. მგონი მართლა დამეცემა მეხი. მიუხედავად იმისა, რომ სიცილის დრო არ იყო, მეორედ ამიტყდა სიცილი და… ნახევრად დაღეჭილი ლუკმა გადამცდა. რამდენიმე წუთის მერე, უკვე ოთხზე დამდგარი, ცრემლების წმენდით, ხმამაღლა ვაგინებდი აკლდამაზე ამოკვეთილი წყევლის შემდგენელ-ამომრჩევს. უკვე კოკისპირულად წვიმდა. წამოვდექი და საქმე გავაგრძელე. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამომემტვრია კარი, დანარჩენს მერე მოვიფიქრებდი. საქმე იმაშია, რომ ძალიან ცუდ დროს მომისწრო წვიმამ. არა, დასველების არ მეშინია, უბრალოდ ერთხელ ველიოსმა გამაფრთხილა, რომ წყალთან შეხებისას ჰალლთია ყველანაირ სასარგებლო თვისებას კარგავს. გაფუჭებულ ჰალლთიაში ველიოსი ფულს არ გადამიხდის. თუ ფულს ვერ ვიშოვი, ღია ცის ქვეშ მომიწევს ზამთრის გატარება, რისი პერსპექტივაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ მხიბლავს.

უროსთან მუშაობას ისე ვარ შეჩვეული, რომ მოძრაობებს მექანიკურად ვაკეთებ და სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. ვფიქრობ ცალფეხა ელფ მათხოვარზე, ვორმვინდის გალავანთან რომ ეძინა ხის წვრილ ტოტზე გადაკიდებულს. ვფიქრობდი ტრაქტირის წინ ჩამომჯდარ, გაბურძგნულ ჯუჯაზე, ყველა გამვლელს რომ სთავაზობდა ქვისგან პატარა ასლის გაკეთებას. ვფიქრობდი დაუძლურებულ, მოშინაურებულ ორკებზე, კარდაკარ რომ დადიან და ფერმერებს თითქმის უფასოდ ჰპირდებიან მიწის დამუშავებაში დახმარებას. ბევრმა საერთო ენაც კი ისწავლა. რა შეიცვალა? ბევრი წლის წინ, სანამ ჰეტონმორი დაიშლებოდა, ორკები პატარა სოფლებს ესხმოდნენ თავს და წართმეული საქონლის წყალობით გაჰქონდათ თავი გაყინულ გამოქვაბულებში… თითქოს წვეტიანყურებიანები არ გვყოფნიან, ალბათ მალე მწვანეებიც დაიწყებენ შერეულ ქორწინებაზე ფიქრს და ბორდელებში, როგორც ველიოსი ამბობს, „წანწკლა“ ნახევარელფების გვერდით მახინჯი ნახევარორკები გამოჩნდებიან. არც ელფები მიყვარს და არც ორკები, მაგრამ მაინც მწვანეებთან მირჩევნია საქმის დაჭერა, ზემოდან მაინც არ დაგყურებენ ცხვირის აწევით.

ფიქრებიდან ნაბიჯების ხმამ გამომარკვია, ფრთხილმა, მაგრამ არა იმდენად, რომ ვერ გამეგო. ზურგიდან ვიღაც მიახლოვდებოდა. ურო ქოშინით დავაგდე ძირს და ვითომ დაღლილი, ცალი ხელით დავეყრდენი მუხლს, მეორე კი ქამარზე ჩამოკიდებული დანის ვადას მოვკიდე შეუმჩნევლად. ბევრი დრო არ მქონდა. ღრმად ჩავისუნთქე, ჯერ კიდეც მოხრილმა 180 გრადუსიანი ბრუნი გავაკეთე და დაგერი მკვეთრი მოძრაობით ამოვიღე ბუდიდან. დაახლოებით იმ ადგილს ვუმიზნებდი, სადაც უცნობის საძილე არტერია უნდა ყოფილიყო, მაგრამ უშედეგოდ. შავმა სილუეტმა ჩემი დარტყმის პარირება მოახერხა და წონასწორობა დამაკარგვინა. ვერც კი მივხვდი რა მოხდა. ნახევარი წამის შემდეგ მუხლებზე ვიდექი, ჩემზე ბევრად სწრაფი მოწინააღმდეგე ზურგს უკან მედგა, მარცხენა ხელით მთელი ძალით მექაჩებოდა თმაზე, რათა თავი რაც შეიძლება უკან გადამეწია, ხოლო მარჯვენათი რაღაც ცივს და ბასრს მაჭერდა ხორხზე.

-En halua ottaa elämääsi, muukalainen…

მიუხედავად იმისა, რომ უცნობის სიტყვებში სასაცილო არაფერი იყო, ისტერიული ხარხარი ამიტყდა.

შევამჩნიე, რომ აღარ წვიმდა. უცნობს ხავერდოვანი ხმა ჰქონდა. და ნაზი. ზედმეტად ნაზი. თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა, მაგრამ მაინც ვარჩევდი ელფებისთვის დამახასიათებელ ინტონაციას და მახვილებს. თითქოს მღეროდა.

-Mitä sinä naurat?

უკვე გაღებული პირი ძლივს მოვმუწე და ენის წვერზე მომდგარი ყველა უკბილო ხუმრობა გადავყლაპე. თქვენც იმავეს გააკეთებდით, ყელზე ელფური დაგერი რომ გქონოდათ მობჯენილი.

-ისა… არაფერზე… Luulin…mi…miehen… საერთოზე არ ლაპარაკობ?

-Kyllä. Mutta se kuulostaa sika vinkua minulle, joten aion pitää kiinni vanhasta kieltä!

-კარგი, კარგი… არ გინდა ხელი გამიშვა? არ მიყვარს თმას რომ მიჩეჩავენ…

უცნობმა რაღაც ჩაიბურტყუნა, მუხლის დარტყმით სახით ჩამაგდო სველ ბალახში და სწრაფად დაიხია რამდენიმე ნაბიჯით უკან.

წამოვდექი. ტანსაცმელი ჩამოვიფერთხე, ფრთხილად შემოვტრიალდი და ნერწყვი გადავყლაპე. ჩემს წინ, როგორც ვვარაუდობდი, წვეტიანყურებიანი ძუკნა იდგა, ღია, თითქმის თეთრი თმით და უზარმაზარი, ელფის პირობაზეც კი დიდი თვალებით.

საკუთარი უსუსურობის გრძნობა მახრჩობდა. ჩემი ურთიერთობა იარაღთან გუშინ არ დაწყებულა და თავს საუკეთესოდ თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე კარგ მებრძოლად მივიჩნევდი ყოფილი ჰეტენმორის მთელ დასავლეთ ნაწილში. ამ პატარა ელფუნიამ კი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოახერხა ჩემი განიარაღება.

მე და ელფი გაუნძრევლად ვიდექით და თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. უფრო სწორად ის მიყურებდა და მეც მთელი ძალით ვცდილობდი იგივე გამეკეთებინა, რაც, მის ჩაცმულობას თუ გავითვალისწინებთ, არც ისე ადვილი იყო. ბოლოს ჩავახველე და რაც შეიძლება ომახიანად წამოვიძახე:

-სახელი არ გაქვს?

ელფმა თეთრი კბილები გადმოყარა:

-Rauh`ha. Ja sinä? შენ… რა ქვია?

თითქმის გამჭვირვალე ნაჭრით ნახევრადდაფარულ ნახევარსფეროებს თვალი მოვწყვიტე და წამოვაყრანტალე:

-რატო უნდა გითხრა?

მაშინვე ვინანე. რაუჰ`ჰამ წარბები შეკრა და კბილებში გამოცრა:

-იმიტორო არ მოგკალი, ihmisen. ჯერ არ მოგკალი. Se Hallthia olet täällä, eikö niin? მიდი, გააგრსელე…

ყურებს არ ვუჯერებდი. მე, ელფური აკლდამის წამბილწავს, უმაღლესი რასის ღირსების შემლახავს, დანაშაულზე ელფმა წამასწრო და ცოცხალი დამტოვა. უფრო მეტიც, ჩემი პატარა, ბინძური საქმიანობის გაგრძელების უფლება მომცა. ადრე ასეთი დანაშაულის გამო ნებისმიერი თავმოყვარე ელფი ყელს გამომჭრიდა და ფეხებით ჩამომკიდებდა ხის კენწეროზე, ტყის პირას, სხვა ადამიანებსაც რომ არ მოსვლოდათ სულელური აზრები სულელ თავებში. იქნებ დამცინის? უროს ასაღებად რო დავიხრები მომკლავს… ან… გამწარებული ვცდილობდი რაციონალური ახსნა მომეძებნა ამ ყველაფრისთვის. რაუჰ’ჰამ შემომხედა და მაშინვე მიხვდა ყველაფერს.

-მე ჩემი მიზეზები მაქვს, ihmisen…ნუ გეშინია, არ მოგკლავ.

შემდეგ გრაციოზული მოძრაობით გადაიყარა თმა ზურგს უკან, ეშმაკურად გამიღიმა და დაამატა: -ჯერ.

ორივე ჩუმად ვიყავით. არასოდეს მიმუშავია ასეთ ნელ ტემპებში. ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი დრო მომეგო იმისთვის, რომ…ზუსტად არ ვიცოდი, რისთვის. ელფის ნდობა არ შეიძლება. როგორც კი ზურგს შეაქცევ, ფილტვში გაგიყრის დაგერს მხოლოდ იმის გამო, რომ შემთხვევით მათი წმინდა გაზონი გათელე. მე კი მათი წინაპრების გვამებით ვვაჭრობ.

რაუჰ’ჰა სველ ბალახში იჯდა და ყურადღებით ადევნებდა თვალს ჩემს მოძრაობებს. ესეთი დაძაბული მგონი არასოდეს ვყოფილვარ. სიჩუმე ელფმა დაარღვია:

-ბევრს გიხდიან?

-მყოფნის – ჩავიბურტყუნე მე.

რამდენიმე წუთით ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, სანამ რაუჰ’ჰამ სიმღერა არ დაიწყო. თავიდან ღიღინით, ძლივსგასაგონად. ისე, რომ ძლივს ვარჩევდი მელოდიას. შემდეგ უფრო ხმამაღლა, ცალკეული სიტყვები და ფრაზები მესმოდა უკვე. ელფი სიმღერით ყვებოდა უძველეს ლეგენდას. ისტორიას, რომელსაც ჯერ კიდევ სტორმვინდის დაარსებამდე უყვებოდნენ მაღალი ელფები შვილებს. ამბავს, რომლითაც ღამღამობით გვაძინებდა თავშესაფარში მოხუცი ასგარონი და რომლის მინიმუმ 3 ვერსია ზეპირად იცოდა ნებისმიერმა თავმოყვარე ბარდმა. სიუჟეტი საკმაოდ ბანალური იყო: დიდი ხნის წინ, მაღალ მიწაზე შეყვარებული წყვილი ცხოვრობდა, სამუდამოდ ერთად რომ სურდათ ყოფნა. სედესდეორის კარიბჭესთან მისულებმა ღმერთებს მოსთხოვეს დახმარება. მათი თავხედობით განრისხებულმა ალმადრიამ მშვენიერი ლუკსია სინათლის სხივად გადააქცია, მამაცი უმბრა კი – ჩრდილად. მას შემდეგ ყოველთვის ერთად არიან ლუკსია და უმბრა, სადაც სინათლეა – იქ ჩრდილიცაა. მრავალჯერ მქონდა მოსმენილი ეს ლეგენდა, მაგრამ რაუჰ’ჰას ნამღერი მაინც საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდა.