გლორბაისტერი, ანუ იქით და უფრო იქით

გლორბმა ეზოში მოთამაშე ბავშვებს თვალი მოწყვიტა და ბუზღუნით მიუბრუნდა ცეცხლზე მოთუხთუხე ქვაბს. უზარმაზარ, გამურულ ჭურჭელში, რომელიც ჯერ კიდევ გლორბის დიდმა ბებიამ ჩამოიტანა წითელი მთების გადაღმიდან და რომელიც, მოხუცის თქმით, ციდან ჩამოვარდნილი ლითონისგან იყო გამოჭედილი, ვორმბურგის ბატონის, ბალთაზარ მეორე ძვალმსხვილის კუთვნილი ღორების სალაფავი იხარშებოდა. გლორბმა კიდევ ერთხელ ჩახედა ადუღებული მასას და დაბოღმილმა კედელს შეაფურთხა: სალაფავი არასაკმარისად სქელი იყო.

ბალთაზარ მეორესთვის ძვალმსხვილი ტყუილად არ შეურქმევიათ, ვორმბურგის თავი 300 კილოზე მეტს იწონიდა, საუზმეზე კი მოზრდილი ნეზვი არ ჰყოფნიდა. ერთი პაჟი იმასაც ამტკიცებდა მისი უძვალმსხვილესობა თითო კი არა, ორი ღორითაც ხშირად იტკბარუნებს ხოლმე პირსო. მოგვიანებით მსახური გვირგვინის მოღალატედ შერაცხეს და თავი წააგდებინეს, მოღალატეებს კი არაფერი დაეჯერებათ. ასე იყო თუ ისე, ბალთაზარი დღეში რამდენიმე ღორს ნთქავდა.

სასახლის კოლტს რამდენიმე ათეული ადამიანი ემსახურებოდა. ღორები რეგულარულად დაჰყავდათ სასეირნოდ, უტარებდნენ სპეციალურ ვარჯიშებს, რათა ქონის ზემდეტად სქელი ფენა არ დასდებოდათ, საკვებად მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ სალაფავსა და ახლადდაკრეფილ ხილს აძლევდნენ, საღამოობით, ძილის წინ, ახალგაზრდა და ფრიად იმედისმომცემი ბარდი ასმენინებდა საკუთარ შემოქმედებას, ამადიელი გრძნეული მკურნალიც კი ჩამოიყვანეს ზღვისგაღმიდან… მოკლედ, ღორების ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

გლორბ ცრუხახუნა ერთ-ერთი იყო იმ მზარეულთაგან, რომლებიც ვორმბურგის სხვადასხვა ფუნდუკებიდან და საცხობებიდან თითქმის ბორკილებდადებული წამოასხეს ციხე-სიმაგრეში და სამეფო მზარეულების შესაფერ ანაზღაურებასაც დაჰპირდნენ, თუმცა ჯერჯერობით აზრად არავის მოსვლია თუნდაც სიმბოლური თანხის, სპილენძის ერთბალთაზარიანის გადახდა. დიახ, ბალთაზარ მეორემ გამეფებისთანავე საკუთარი მონეტები მოაჭრევინა.

“ზამთარი მოდის” – გაიფიქრა გლორბმა და გაყინული თითები ალს მიუშვირა. ცეცხლი გლორბის ძველი და სიმართლე თუ გინდათ, ერთადერთი მეგობარი იყო. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში,ვორმბურგში ახლადჩამოსული და ადგილობრივ მზარეულთან შეგირდად მიბარებული გლორბაისტერი ისე ერთობოდა ხოლმე ღუმელთან საუბარში, რომ კერძის შესამოწმებლად მოსულ ოსტატს ხშირად ზოგადსაკაცობრიო თემებზე მოკამათე გლორბი და ქვაბში მხრჩოლავი ერთი მუჭა ნახშირიღა ხვდებოდა ხოლმე. მაშინ ოსტატი ქამარში გაჩრილ უზარმაზარ ციცხვს იღებდა და მდუმარედ, მაგრამ ბეჯითად, რამდენჯერმე უკაკუნებდა მოწაფეს კინკრიხოში. შეიძლება ამის ბრალიც იყო ის, რომ 20 წლისთვის გლორბს კეფაზე ერთი ღერი თმაც აღარ ჰქონდა.

“რა ჯანდაბა მინდა აქ? დავტეულიყავი სტორმვინდში” – ბუტბუტებდა მზარეული – “რა ჯანდაბა მინდოდა სალაფავებში, მაგრამ არ გაძღა ღორი ბებიაჩემის მუცელი…”ალი დუმდა და უბრალოდ ენების წკლაპუნით გამოხატავდა ხოლმე გლორბის მონოლოგით უკიდურეს დაინტერესებას.

ღირს გაგრდსელება დსმებო?

Terraria

ტერარია

ჰარდქორ გეიმერი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი წილი ღამეებიც გამითენებია ინტერნეტ კაფეებში და NES-ის თამაშებიც დამიხურავს 48 საათიანი უსეივო და უჩეკპოინტო მარათონის შემდეგ. რატომღც სწორედ ის ბედნიერი წლები გამახსენა ტერარიამ.

2011 წლის 16 მაისს ბაზარზე ინდი სტუდია Re-Logic-ის გამოშვებული თამაში, ტერარია (Terraria) გამოჩნდა. Minecraft-ის ორგანზომილებიანი side scroller ბიძაშვილი უზარმაზარი თამაშია, რომელიც საკუთარ თავში რამდენიმე ჟანრს აერთიანებს და ნებისმიერი მათგანის მოყვარულს მისცემს გართობის საშუალებას და დენდიზე გაზრდილ თაობასაც გაუქრობს დღევანდელი ერთიმეორეზე ლამაზი, მაგრამ “უსულო” თამაშების ფონზე შემოწოლილ ნოსტალგიას.

თავდაპირველად ვაწყობთ პერსონაჟს, ვირჩევთ ვარცხნილობას, თმის, კანის, თვალის ფერს და ტანსაცმელს, შემდეგ სახელს ვარქმევთ შემთხვევით დაგენერირებულ, უნიკალურ სამყაროს და ვიწყებთ თამაშს. ტერარიაში დღე-ღამის დაახლოებით ოცწუთიანი ციკლია. მზის ჩასვლის შემდეგ ბევრად უფრო საშიში მონსტრები გამოდიან სანადიროდ, ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ თავშესაფარზე ზრუნვა. ვიღებთ ნაჯახს და ვიწყებთ ხეების ჩეხვას, რომლისგანაც მოგვიანებით სახლს ავაშენებთ. თამაშის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში ორსართულიანი სახლი, ხისგან დამზადებული იარაღები და 20-მდე სხვადასხვა სახის მასალა მქონდა. ტერარიის თამაშის დროს სწრაფ რეფლექსებთან ერთად ცოტაოდენი გამჭრიახობაც დაგჭირდებათ, რადგან ყველა ვერ მიხვდება, რომ ახლოს მდებარე ზღვის სანაპიროდან მოტანილი ქვიშის გამოწვით შუშის დამზადება შეიძლება, ან რომ ტყის გაჩეხვისას ნაპოვნი რკოს ნოყიერ ნიადაგში ჩარგვის შემდეგ იმ ადგილას ხე გაიზრდება.

ტერარიას უზარმაზარი სამყარო ფაქტობრივად დაუსრულებელ გეიმფლეის გვპირდება და რაც ყველაზე კარგია, ყოველ ახალ აფდეითთან ერთად თამაშში დიდი რაოდენობით ახალი კონტენტი ჩნდება. ამჟამად, როგორც ვიცი, უძლიერესი იარაღი Night’s Edge-ია, რომლის გამოჭედვაც მხოლოდ Demon Altar-ზე შეიძლება ოთხი შედარებით სუსტი ხმლის შეერთებით. რევიუების წერა არასოდეს მეხერხებოდა, ამიტომ რამდენიმე სქრინშოთს და გეიმფლეის ვიდეოს დავაგდებ და იმედს დავიტოვებ, რომ ერთი თქვენგანი მაინც გადაწყვეტს ამ სულრაღაცცამეტმეგაბაიტიანი თამაშის გადმოწერას და დაწყებას.

P.S ყველაზე კარგი ისაა, რომ თამაშს აქვს როგორც Single, ასევე Multiplayer-ი და მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ სასახლეების შენება თუ რეიდებზე ბოსების ხოცვა.