Terraria, Minecraft, The Binding of Isaac, Bastion

ვაცხადებ 2012 წელს indie თამაშების წლად! ტაში, ამხანაგებო!

მიუხედავად იმისა, რომ როგორც იტყვიან გაპროჭილი ვარ, პოსტის დაწერა გადავწყვიტე და პოსტში რამდენიმე თამაშს მინდა შევეხო. წინასწარ გიხდით ბოდიშს გაპროჭილი ლექსიკის და ტაიპოების გამო.

მაშ ასე, თამაში პირველი – Terraria

Minecraft-ის 2D ბიძაშვილი, action-rpg-crafting-building simulator-პლატფორმერი, თამაში, რომელიც ზომით სულ რამდენიმე მეგაბაიტია, მაგრამ ფაქტობრივად დაუსრულებელ გეიმფლეის გვპირდება შემთხვევითობის პრინციპით დაგენერირებული სამყაროების ხარჯზე. თამაში, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა ვთამაშობ და ჯერაც არ მომბეზრებია. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ შეგიძლიათ როგორც მარტო, ასევე მეგობრებთან ერთად იმოგზაუროთ/აშენოთ/იაროთ რეიდებზე/იშოვოთ უკეთესი იარაღი და არმორი და ა.შ

თამაშს რეგულარულად ააფდეითებენ და ყოველ ახალ პა”ტ”ჩზე ისედაც უზარმაზარ სამყაროს ძალიან დიდი რაოდენობით კონტენტი ემატება.

ტერარია შედარებით ვრცლად ამ პოსტში მაქვს განხილული

ტერარიაში აშენებული პაგოდას ტიპის სასახლე

თამაში N2 –  Minecraft

ყველაფერი, რაც ტერარიაზე ვთქვი, შემიძლია სიტყვა-სიტყვით გავიმეორო მაინკრაფტზე და კიდევ ერთი რაღაც, მესამე განზომილება დავუმატო.

თამაში N3 – The Binding of Isaac

თამაში იწყება იმით, რომ პატარა აიზეკის (გნებავთ ისააკის) დედას, რომელიც გამუდმებით უყურებდა რელიგიურ გადაცემებს, ერთ დღეს “ღმერთის” ხმა შვილის მოკვლას უბრძანებს. მთელი თამაში წარმოადგენს ალუზიას ბიბლიურ ისტორიაზე აბრაამის მიერ ისააკის მსხვერპლად შეწირვის შესახებ. შეშინებული ისააკი დედამისს სარდაფში დაიმალება, სადაც უამრავ სხვადასხვა ტიპის მტერთან უწევს შებრძოლება, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვისა და აპოკალიფსის ოთხი მხედრის ჩათვლით. The Binding of Isaac წარმოადგენს Action-Adventure-ს RPG-ს ელემენტებით. თამაში მოცულობით ძალიან პატარაა, თუმცა შემთხვევით დაგენერირებული სამყაროსა და დიდი რაოდენობით unlockable კონტენტის წყალობით საკმაოდ ხანგრძლივ გეიმფლეის გპირდებათ. შეხვდებით უამრავ რეფერენსს როგორც ბიბლიურ პერსონაჟებზე, ასევე სხვა თამაშებზე და ინტერნეტ მემეებზეც კი.

თამაში N4 – Bastion

ულამაზესი Action-RPG, რომლის მოქმედებაც ხელით დახატულ სამყაროში ვითარდება. წლებია თამაშში მსგავსი კარგად დაწერილი სიუჟეტი არ შემხვედრია და ალბათ არც გადაწყვეტილების მიღება გამჭირვებია ასე ძალიან თამაშის დასასრულს. თუკი მსგავსი თამაშები არ გიზიდავთ, მარტო საუნდტრეკების გამო ღირს მისი გადმოწერა/დაყენება. აღსანიშნავია აგრეთვე თხრობის ინოვაციური სტილი, რომელიც თქვენს თითქმის ყოველ მოქმედებას უკეთებს კომენტარს. აი მაგალითად ერთხელ რატომღაც ბუჩქების ჩეხვამ ჩამითრია, მთხრობელმა კი ირონიულად აღნიშნა – ისე ებრძოდა ბუჩქებს, თითქოს ბოლოს რაიმე პრიზი ელოდაო…

თუკი გადაწყვეტთ ბასტიონის თამაშს, მხოლოდ ერთ რამეს გირჩევთ – ნუ დაივიწყებთ ძველ მეგობრებს, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.

Terraria

ტერარია

ჰარდქორ გეიმერი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი წილი ღამეებიც გამითენებია ინტერნეტ კაფეებში და NES-ის თამაშებიც დამიხურავს 48 საათიანი უსეივო და უჩეკპოინტო მარათონის შემდეგ. რატომღც სწორედ ის ბედნიერი წლები გამახსენა ტერარიამ.

2011 წლის 16 მაისს ბაზარზე ინდი სტუდია Re-Logic-ის გამოშვებული თამაში, ტერარია (Terraria) გამოჩნდა. Minecraft-ის ორგანზომილებიანი side scroller ბიძაშვილი უზარმაზარი თამაშია, რომელიც საკუთარ თავში რამდენიმე ჟანრს აერთიანებს და ნებისმიერი მათგანის მოყვარულს მისცემს გართობის საშუალებას და დენდიზე გაზრდილ თაობასაც გაუქრობს დღევანდელი ერთიმეორეზე ლამაზი, მაგრამ “უსულო” თამაშების ფონზე შემოწოლილ ნოსტალგიას.

თავდაპირველად ვაწყობთ პერსონაჟს, ვირჩევთ ვარცხნილობას, თმის, კანის, თვალის ფერს და ტანსაცმელს, შემდეგ სახელს ვარქმევთ შემთხვევით დაგენერირებულ, უნიკალურ სამყაროს და ვიწყებთ თამაშს. ტერარიაში დღე-ღამის დაახლოებით ოცწუთიანი ციკლია. მზის ჩასვლის შემდეგ ბევრად უფრო საშიში მონსტრები გამოდიან სანადიროდ, ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ თავშესაფარზე ზრუნვა. ვიღებთ ნაჯახს და ვიწყებთ ხეების ჩეხვას, რომლისგანაც მოგვიანებით სახლს ავაშენებთ. თამაშის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში ორსართულიანი სახლი, ხისგან დამზადებული იარაღები და 20-მდე სხვადასხვა სახის მასალა მქონდა. ტერარიის თამაშის დროს სწრაფ რეფლექსებთან ერთად ცოტაოდენი გამჭრიახობაც დაგჭირდებათ, რადგან ყველა ვერ მიხვდება, რომ ახლოს მდებარე ზღვის სანაპიროდან მოტანილი ქვიშის გამოწვით შუშის დამზადება შეიძლება, ან რომ ტყის გაჩეხვისას ნაპოვნი რკოს ნოყიერ ნიადაგში ჩარგვის შემდეგ იმ ადგილას ხე გაიზრდება.

ტერარიას უზარმაზარი სამყარო ფაქტობრივად დაუსრულებელ გეიმფლეის გვპირდება და რაც ყველაზე კარგია, ყოველ ახალ აფდეითთან ერთად თამაშში დიდი რაოდენობით ახალი კონტენტი ჩნდება. ამჟამად, როგორც ვიცი, უძლიერესი იარაღი Night’s Edge-ია, რომლის გამოჭედვაც მხოლოდ Demon Altar-ზე შეიძლება ოთხი შედარებით სუსტი ხმლის შეერთებით. რევიუების წერა არასოდეს მეხერხებოდა, ამიტომ რამდენიმე სქრინშოთს და გეიმფლეის ვიდეოს დავაგდებ და იმედს დავიტოვებ, რომ ერთი თქვენგანი მაინც გადაწყვეტს ამ სულრაღაცცამეტმეგაბაიტიანი თამაშის გადმოწერას და დაწყებას.

P.S ყველაზე კარგი ისაა, რომ თამაშს აქვს როგორც Single, ასევე Multiplayer-ი და მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ სასახლეების შენება თუ რეიდებზე ბოსების ხოცვა.