The Beatles Never Broke Up

ბითლზის სიმღერა, რომელიც ბითლზს არ დაუწერია, ბითლზის ალბომიდან, რომელიც ბითლზს არ ჩაუწერია. ყოველ შემთხვევაში ჩვენს სამყაროში.

ალბომის მოკლე ისტორია ასეთია: 2009 წლის 9 სექტემბერს (09.09.09) ვინმე ჯეიმს რიჩარდსი სადღაც უდაბნოში რატომღაც ძაღლს ასეირნებდა. ჯიმის კურდღლის სოროში გაეჭედა ფეხი, წაიქცა, გაითიშა და გონს პარალელურ სამყაროში მოეგო. ადგილობრივმა, რომელსაც ჯონასი ერქვა, ჯიმი თავის სახლში წაიყვანა და აუხსნა, რომ პარალელურ სამყაროებში მოგზაურობა იმ სამყაროსთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ოღონდ გარკვეული წესების დაცვა იყო საჭირო, მაგალითად არ შეიძლებოდა ერთი სამყაროდან მეორეში რაიმე ნივთის გაყოლება.

სამყაროები თითქმის არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, თუ არ ჩავთვლით პატარ-პატარა დეტალებს. მაგალითად ჯონასის სამყაროში CD ტექნოლოგიამ რატომღაც არ გაამართლა და მუსიკას ჯერ კიდევ კასეტებზე წერდნენ. ჯეიმსმა სხვა ალბომებს შორის ბითლზის ალბომი – Everyday Chemistry შეამჩნია. Guess what, იმათთან ბითლები არ დაშლილან.

მოკლედ ჯიმიმ მოახერხა და უკან დაბრუნებისას ზემოთხსენებული ალბომი ხელს გამოაყოლა, საიდანღაც მტვრიანი მაგნიტაფონი ამოათრია და პირველად მოისმინა ლივერპულელი ოთხეულის 10 ახალი კომპოზიცია. ახალი რა, 80-იანებში ჩაწერილი.

ალბომზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რაც მასზე კალმითაა მიწერილი. კერძოდ – Everyday Chemistry და სიმღერების სახელები.

ალბომის სრული ისტორიის წაკითხვა და მპ3 ვერსიის გადმოწერა უფასოდ შეგიძლიათ ჯეიმს რიჩარდსის საიტიდან

გასაგებია, რომ Everyday Chemistry სინამდვილეში ვიღაცის გაკეთებული mash-up ალბომია ბითლების ნაკლებად ცნობილი სოლო პროექტებიდან, მაგრამ 3 წლის განმავლობაში ვერავინ დაადგინა, თუ ვინაა სინამდვილეში ჯეიმს რიჩარდსი. არსებობს რამდენიმე ვერსია, მათ შორის DJ Shadow (ჯოშუა პოლ დევისი) და Aphex Twin (რიჩარდ დ. ჯეიმსი)

ვისი გაკეთებულიც არ უნდა იყოს ალბომი, სგსგ. mash-up-ის გაკეთება იმაზე ოდნავ რთულია, ვიდრე audacity-ში ორი ტრეკის ერთმანეთზე დადება.

Exodus

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიაღწია ტექნიკური პროგრესის უმაღლეს საფეხურს, ტერაფორმირება დღესაც რთულ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს. სისტემათაშორისი ექსპედიციების პირველი მცდელობები რამდენიმე საუკუნის წინ დაიწყო.

დიდი ხნის წინ, როდესაც ადამიანს არც წყალი დაებინძურებინა, არც ფლორა და ფაუნა გაენადგურებინა და არც დედამიწის ზედაპირი გაეხადა საცხოვრებლად უვარგისი, არსებობდა ხომალდი, რომელიც ახალი მიწებისა და რესურსების აღმოსაჩენად აიგო. ეკიპაჟი დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით შეუდგა მისიის შესრულებას. ექსპედიციის დაწყებამდე საზეიმო ფიციც კი დადეს, რომლითაც კაპიტანს არწმუნებდნენ, რომ მათ ნებას შიმშილი, ავადმყოფობა და სიკვდილის შიში ვერ დაიმორჩილებდა. მისიის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ხომალდმა კავშირი დაკარგა დედამიწასთან. მწობრიდან გამოვიდა სანავიგაციო სისტემა. გემზე მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები ფუნქციონირებდა. ეკიპაჟის ნაწილი აჯანყდა. ამბოხებულებსა და კაპიტნის მომხრეებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ეკიპაჟის ნახევარი მაშინვე დაიხოცა, ნაწილი კი – მოგვიანებით, ჭრილობებისგან. ცოცხალი მხოლოდ ხომალდის მექანიკოსი გადარჩა, რომელმაც კიდევ რამდენიმე კვირა იცხოვრა გვამებით სავსე გემზე და ბოლოს ჰიპოქსიით ან შიმშილით ნელ სიკვდილს ღია კოსმოსში უსკაფანდროდ გასვლა არჩია. ხომალდი 80 წლის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს პსემეტის ორბიტაზე. ალბათ ვერასოდეს გავიგებდით თუ რა მოხდა ხომალდზე, რომ არა მექანიკოსის მიერ დატოვებული ვიდეოშეტყობინება. იცი ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი?

პროტეინის ფილა გავხსენი და კითხვაზე კითხვით ვუპასუხე – კაპიტნის?

-კაპიტნისაც. ზოგადად ადამიანის, არასრულყოფილების, ალოგიკურობის, მაგრამ თუ კონკრეტულად გაინტერესებს – მექანიკოსის, რომელმაც დედამიწიდან რამდენიმე მილიარდი კილომეტრის დაშორებით გადაწყვიტა, რომ ადამიანები მეორე შანსს არ იმსახურებენ და რომ კაცობრიობამ პასუხი უნდა აგოს პლანეტისა და ერთმანეთის წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის და “პატარა” დივერსიის მოწყობა გადაწყვიტა. იმან, რაც მოგვიანებით რეინოლდსის სინდრომით შევიდა სამედიცინო ენციკლოპედიებში, 64 ადამიანი შეიწირა და რამდენიმე ათწლეულით გადადო პირველი კოლონიის შექმნა.

ჩემი საბორტო კომპიუტერი მორიგ ლექციას მიკითხავდა იმის თაობაზე, რომ ადამიანები თანამედროვე ტექნოლოგიის გარეშე არაფერს წარმოადგენენ.

to be continued…

I’m Half Crazy…

ვისაც 2001: A Space Odyssey ნანახი აქვს, ალბათ დამეთანხმება, რომ HAL 9000-ის შემეცნებითი ფუნქციების გამორთვის სცენა ყველაზე სევდიანია მთელ ფილმში. განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას კი ფსიქოპატი კომპიუტერის “სიცოცხლის” ბოლოს წამებში წამოწყებული სიმღერა ტოვებს:

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ კლარკმა და კუბრიკმა ამით HAL 9000 ალუზიურად დააკავშირეს IBM 7094-თან. 1961 წელს IBM 7094 გახდა პირველი კომპიუტერი, რომელმაც იმღერა. ვოკალი ჯონ კელიმ და კეროლ ლოკბაუმმა დააპროგრამეს, მელოდია კი – მაქს მეტიუსმა. სიმღერას, რომელიც 1892 წელს დაიწერა, Daisy Bell ეწოდება (ვოკალი 1:05-ზე იწყება):

სიტყვები:
Daisy, Daisy, give me your answer, do,
I’m half crazy all for the love of you.
It won’t be a stylish marriage -
I can’t afford a carriage,
But you’d look sweet upon the seat
Of a bicycle built for two.

თუ ფილმი ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად ნახეთ. არაა აუცილებელი sci-fi გიყვარდეთ, 2001: A Space Odyssey არ არის სტანდარტული, CGI-თ გატენილი უსულო ბლოკბასტერი.

P.S Must see Portal-ის თაყვანისმცემლებისთვის, HAL 9000 ხომ GLaDOS-ის დიდი ძმაა.

Cruor Luna

მძღოლმა ჩემთვის უნამუსოდ გამორთმეული ბოლო ღერის ბიჩოკი ფანჯრიდან მოისროლა, მუსიკას აუწია და თვითკმაყოფილი სახით გადმომხედა. მისი აზრით, გაფუჭებულ დინამიკებში მოჟღრიალე „From Sarah With Love“ გემოვნებიანი მუსიკის ის მწვერვალი იყო, რომელსაც მხოლოდ ჩემნაირი მგზავრი თუ შესწვდებოდა, ყველა დანარჩენისთვის კი „ბუტირკა“ და ნინო ჩხეიძის ბოლოსწინა ალბომი ჰქონდა გადანახული. ჰმ, ტაქსისტური ანდერგრაუნდი.

-ვაჟკაც, დიდხანს უნდა ველოდოთ?

-არა, ცოტაც.

მაჯაზე დავიხედე და საათის ისრებს გავუბრაზდი. მალე არა ჩემი ყლე. მაგის ამბავი რო ვიცი, ჯერ ამდგარიც არ იქნება. არც ტელეფონს პასუხობს. მობილურს ხო აიპოდად ხმარობს და არა მობილურად. მოკლედ დარეკვას აზრი არ აქვს, მაგრამ მესიჯზე შეიძლება მიპასუხოს.

-დაუწიე რა, დავრეკავ.

ტაქსისტი უსიტყვოდ მემორჩილება. რა ქნას, კლიენტ ვსიგდა პრავ, როცა საქმე ფულს არ ეხება. სინამდვილეში დარეკვას არ ვაპირებ, უბრალოდ სარა კონორმა გაღუნა ტვინი. თითებს ვატკაცუნებ და მესიჯის წერას ვიწყებ: „Romeli saatia? Romeli saatia? Samis sheidzleba aris mesamedi…“ გამოცდილება მკარნახობს, რომ ასეთ მესიჯზე უფრო მიპასუხებს, ვიდრე „სად ხარ ამდენი ხანი, შეჩემისა“-ზე. მესიჯის მომდევნო წინადადებაზე ფიქრს მძღოლის სტვენა და იდაყვი მაწყვეტინენ:

-ვაჟკაც, არ გახერხავდი? თან შენი კალიბრია – იკრიჭება ტაქსისტი.

-უკვე ვხერხავ – ვიკრიჭები პასუხად და საუბრის ობიექტს, რომელსაც რატომღაც სველი თმა აქვს, ხელს ვუქნევ. ობიექტი კურპუსის წინ ნახევრადაყრილი ასფალტისთვის შეუფერებლად გრაციოზული მოძრაობებით მოიწევს მანქანისკენ და უცებ მეზობლის კატა მახსენდება, რომელიც ბოლო ერთი კვირაა უცნაურ ხმებს გამოსცემს და სავარაუდოდ ამ ტაქსისტივითაა ატეხილი. ამ დროს გაწითლებული ტაქსისტი გამწარებული ცდილობს თავისივე შექმნილი უხერხული სიტუაციიდან გამოსავალი მოძებნოს და საცოდავი თვალებით მიყურებს. მე ცალყბად ვუღიმი და ვცდილობ „დაიკიდე“ მზერით ვაგრძნობინო, რომ ყველაფერი რიგზეა.

-ძალიან დავაგვიანე? – უნამუსოდ კითხულობს გასახერხი და პასუხს არ ელოდება – წავედით!

-საით?

-ჯერ პირდაპირ, მერე – მოვიფიქრებთ.

***

ნახევარ საათში მძღოლი ანერვიულდა:

-ვაჟკაც, გვიანია და თუ სადმე მიდიხართ, მივიდეთ და გამიშვი რა!

-მივალთ, მივალთ, გზა გააგრძელე. შენ რა გინდა, რასაც მეტყვი, მოგცემ.

-თლათ ფულზე ხო არაა ყველაფერი, ბავშვი მყავს პატარა, დედამისი მორიგეა და არ მინდა ღამე მარტო რო იყოს რა!

საქმეში ლილიტი ერთვება და მძღოლს თვალების ფახულით ეუბნება:

-თუ „თლათ“ ფულზე არაა, მე მოგცემ, რასაც მეტყვი.

ტაქსისტმა თვითონაც არ იცის, რომ მისთვის უკვე ყველაფერი დამთავრდა. ლილიტისთვის უარი ჯერ არავის უთქვამს. არც ეს იტყვის. ლილიტის ერთი სიტყვა და ყველა ყლეზე იკიდებს ბავშვსაც და მორიგე ცოლსაც. რამდენიმე წუთში ისევ გზაზე ვართ.

ტერას ქრონიკები

დღე პირველი [12.05.2022 ტერას წელთაღრიცხვით]

ხვალ ტერანებთან გვაგზავნიან.

საზიზღარი რასაა, არ მომწონს. გარეგნობას არ ვგულისხმობ, თითქმის ანალოგიური ანატომიური აგებულება გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ჭამაზე და სიამოვნებაზე ფიქრობენ. ფული უყვართ და ძალაუფლება, მაგრამ ერთმანეთს ვერ იტანენ. არსებობის ხანმოკლე ისტორიის განმავლობაში უამრავი ომი წამოიწყეს და რაც მთავარია, ყოველთვის ერთმანეთს ანადგურებდნენ (ალბათ იმიტომ, რომ სხვა რასებთან შეხება არ ჰქონიათ). ანადგურებდნენ ათასგვარი სულელური მიზეზის, მაგალითად კანის განსხვავებული შეფერილობის გამო ან მითოლოგიური არსებების სახელით.

შეტევის პირველ დღეს ჩვენც მითოლოგიურ არსებებად ჩაგვთვალეს, ალარიუსებისა და აურეოლების გამო. უბრძოლველად ჩაგვაბარეს პლანეტა. აღმოჩნდა, რომ სტანდარტული წარმოების ალარიუსი მათი ერთ-ერთი მითოლოგიური არსებების, ანგელოზის ფრთებს წააგავს, ხოლო აურეოლი – შარავანდედს. (ანგელოზები მათ მითოლოგიაში უზენაესი არსებისა და მთელი სამყაროს შემქმნელის, ღმერთის მსახურები არიან, რომლებსაც ალარიუსების მსგავსი წანაზარდები და აურეოლის მსგავსი ნათება აქვთ თავზე. თავის ალარიუსებს ისინი საფრენად იყენებენ და არა თერმული ბალანსის შესანარჩუნებლად, ხოლო აურეოლს პლაზმური დამცავი ველის შექმნის მაგივრად რაღაც გაურკვეველი ფუნქცია აქვს.) ვინც პირველ შეტევაში მონაწილეობდა, ყვება, რომ ადგილობრივები უცნაურმა პანიკამ მოიცვა. წინააღმდეგობა ფაქტიურად არავის გაუწევია, ბევრი მუხლებზე დაეცა და ბუტბუტს მოჰყვა, ზოგმა ყვირილი დაიწყო, რამდენიმემ გონება დაკარგა, მაგრამ არავის უფიქრია იარაღის ხელში აღება. სერაფიკუსები ამბობენ, რომ გაგვიმართლა. უფრო სწორად ტერანებს გაუმართლათ, ბრძოლა მათი მხრიდან მინიმალური მსხვერპლით დასრულდა. სერაფიკუსებმა გადაწყვიტეს ჯერ სიმართლე არ გაამხილონ. თუ ტერანებს უმაღლესი ძალის წარმომადგენლები ვგონივართ, დაე ვეგონოთ.

დასვენების დროა. ხვალ მძიმე დღე გველის. სერაფიკუსები სექტორებზე გადაგვანაწილებენ.

დღე მეორე [13.05.2022 ტ.წ]

ჩემი ნაწილი 53 00 სექტორზე მიამაგრეს. საშინელი ადგილია, სხვებთან შედარებით უფრო მუქი და… როგორ ვთქვა.. თითქოს დაუმთავრებელი. თან ტერანების ყველაზე ბოროტი ნაწილი მგონი აქ ცხოვრობს. ჩვენ არაფერს გვერჩიან, ეშინიათ, მაგრამ ერთმანეთს ზიზღით სავსე თვალებით უყურებენ, თითქოს მზად არიან ერთმანეთი დაახრჩონ. პრიმიტიული არსებები, პრიმიტიული ტექნიკა, პრიმიტიული არქიტექტურა. ჩვენს დანახვაზე ტერანები ხელით უცნაურ ჟესტს აკეთებენ და ბუტბუტებენ, რამდენიმეს ხელში პატარა, ცეცხლმოკიდებული, სურნელოვანი ჩხირიც დავუნახე. უცნაური რიტუალები აქვთ.

ტრაიცერსში თერთმეტნი ვიყავით სერაფიკუსის ჩათვლით. მობილურ ბაზაში გადაგვიყვანეს და მოკლე ინსტრუქცია ჩაგვიტარეს. ტერანებთან ყოველგვარი კონტაქტი აგვეკრძალა, რათა ჩვენი მითოლოგიური წარმომავლობა ეჭვქვეშ არ დადგეს. აგვეკრძალა აგრეთვე ალარიუსებისა მოხსნა ან აურეოლების გამორთვა, განსაკუთრებით ადგილობრივების სიახლოვეს. არ ვიცი რამდენ ხანს აპირებენ სპექტაკლის გაგრძელებას, მაგრამ ზედმეტი კითხვების დასმას არ ვაპირებ. არმატუსი სერაფიკუსის ბრძანებას კითხვების გარეშე ასრულებს.

პირველი დღე ტერაზე საოცრად მოსაწყენი გამოდგა. დროის ტერანულ ერთეულებზე გადასვლა მოგვიწია. ადგილობრივები საშუალოდ 75 ტერანულ წელს ცოცხლობენ, რაც 2 პექტორულ წელიწადზე ოდნავ მეტია. გამოდის, რომ ტერანების სიცოცხლის ხანგრძლოვობა ჩვენსაზე დაახლოებით ათჯერ ნაკლებია. სწრაფად იზრდებიან და ბერდებიან, გენეტიკური და გარემო ფაქტორების ბრალია. პექტორზე ნორმალური ტერანი 150-200 ტერანულ წელს იცოცხლებდა.

ბაზაზე სულ 220 პექტორინია, 200 არმატუსი და 20 სერაფიკუსი. არ მესმის რა საჭიროა ამხელა ძალა, ნახევარიც იოლად გავართმევდით თავს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, არმატუსი ბრძანებებს კითხვების გარეშე ასრულებს.

აქ დრო სწრაფად გარბის. უკვე ღამეა. ტერას მხოლოდ ერთი თანამგზავრი აქვს, ამიტომ ღამით ვარსკვლავები კარგად ჩანს. პირველი ხედია, რომელიც ტერანზე ჩამოსვლის შემდეგ მომეწონა, ალბათ იმიტომ, რომ დიდხანს თუ მივაჩერდები ცას, პექტორის კოორდინატებზე მკრთალი, მწვანე ნათება მეჩვენება.

დღე მესამე [14.05.2022 ტ.წ]

არმატუსი საშუალოდ 22 პექტო, ანუ 770 ტერა წელიწადს ცოცხლობს, ტერანი – ათჯერ ნაკლებს. ალბათ რელიგიაც (ტერანული მითოლოგია) ამიტომ შეიქმნა. პრიმიტიული ცოდნით და აზროვნებით რასაც ვერ ხსნიან, რელიგიით ცდილობენ ახსნა მოუძებნონ. ცდილობენ საკუთარი თავი დაარწმუნონ, რომ მათი არსებობა ასეთი ხანმოკლე არაა და სიკვდილის შემდეგ სხვა ფორმით განაგრძობენ არსებობას. საოცარია, რომ საუკუნეების განმავლობაში ურყევად სწამთ იმის, რისი დამტკიცებასაც ვერ ახერხებენ.

ეს ყველაზე უმოქმედო კამპანიაა მთელი ჩემი სამხედრო კარიერის განმავლობაში. სამი დღე გავიდა და იარაღი ერთხელაც არ გამოგვიყენებია. პატრულირებაზე გავდივართ ბაზის გარშემო ყოველ 3 ტერასაათში. 220 პექტორინიდან 44 დავრჩით, დანარჩენები სხვა ლოკაციებზე გადაანაწილეს.

დარწმუნებული ვარ სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდება. შესაძლოა ადგილობრივები პრიმიტიულად აზროვნებენ, მაგრამ ადრე თუ გვიან გაარკვევენ სიმართლეს, ამიტომ ხვალ ჰაბეუსებს ჩამოიყვანენ, ანალიტიკურ ჯგუფებს. ტერანების ფსიქოლოგიის, ისტორიისა და რელიგიის უფრო დეტალური შესწავლა და მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტების დამუშავებაა საჭირო.

პატრულირებისას ბაზის გარე ღობესთან ტერანები გროვდებიან და ჩვენთან საუბრის გაბმას ცდილობენ. ზოგი ცდილობს შეგვეხოს. ავადმყოფებიც მოჰყავთ და ითხოვენ, რომ ვუმკურნალოთ. ჩვენ ხმას არ ვცემთ, ადგილობრივებთან კონტაქტი აკრძალული გვაქვს. არმატუსები ხომ ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებენ, როგორიც არ უნდა იყოს ბრძანება. ბოლო გასვლაზე ერთ-ერთ ტერანს ბლანტი, ყვითელი სითხით სავსე ჭურჭელი ჰქონდა მოტანილი, უნდოდა რომელიმე ჩვენგანს თითი ჩაეყო. უცნაური რასაა.

აქ დრო ერთდროულად სწრაფადაც გადის და ნელაც. სწრაფად იმიტომ, რომ ტერა პექტორზე ბევრად უფრო სწრაფად ბრუნავს, ხოლო ნელა იმიტომ, რომ ყველა დღე ერთმანეთს გავს და საინტერესო არაფერი ხდება.

დღე მეოთხე [15.05.2022 ტ.წ]

15.05.2022 წინებთან შედარებით საინტერესო დღე უნდა ყოფილიყო, რადგან ანალიტიკოსების ჯგუფს ველოდებოდით, თუმცა დღე ბევრად უფრო საინტერესო გამოდგა.

დილა სტანდარტული პატრულირებით დაიწყო. გარე ღობესთან შეგროვებული მობუტბუტე, ექსტაზში ჩავარდნილი, აცრემლებული ტერანები, ნაცრისფერი, ნახევრად დანგრეული შენობები, უფრო ნაცრისფერი, სველი ამინდი (რომელიც ტერაზე თითქმის ყოველდღე იცვლება) და აურეოლის უკვე შემაწუხებელი ზუზუნი. 1 ტერასაათის შემდეგ А ბლოკში დაბრუნება და დასვენება, კვება, შემდეგ ისევ პატრულირებაზე გასვლა, აღფრთოვანებული ტერანების ბუტბუტი და ასე გამუდმებით. დღის ერთადერთი ნათელი წერტილი ჰაბეუსების ჩამოფრენა იყო.

დახვედრისა და ბაზამდე ესკორტის სტანდარტული სქემა. ჩვენი, ანუ 53 00 სექტორის დროით 1800 საათზე ბაზისგან ოდნავ მოშორებით მდებარე პატარა მოედანზე ტრაიცერსი დაეშვებოდა ათკაციანი ანალიტიკური ჯგუფით, ესკორტზე 20 არმატუსი გავიდოდით ორი სერაფიკუსის მეთაურობით, მოკლედ სტანდარტული, ორმოცწუთიანი ოპერაცია. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, თუ არ ჩავთვლით კავშირზე პასუხისმგებელი არმატუსის მიერ ნახსენებ ხარვეზებს.

1735-ზე სრულ მზადყოფნაში ვიყავით. აღჭურვილობა ორჯერ შევამოწმე, დექსტერები საბრძოლო მდგომარეობაში მოვიყვანეთ (პირველად სამი დღის განმავლობაში) და ბაზიდან გავედით. ერთერთი სერაფიკუსი ადგილობრივების დიალექტზე ყვიროდა და ტერანებს უკან დახევას სთხოვდა. ნახევარზე მეტი სიტყვების მნიშვნელობა არ მესმოდა, მაგრამ დაჩქარებული სასწავლო კურსისგან მეტს არც უნდა მოელოდე.

ზუსტად 1800-ზე ადგილზე ვიყავით, მაგრამ ტრაიცერსი არსად ჩანდა. არც კავშირზე გამოსულან. ოცწუთიანი ლოდინის შემდეგ, (პროტოკოლის მიხედვით) გადაწყდა 11 არმატუსის ადგილზე დატოვება, დანარჩენები კი უკან დავბრუნდით. ბაზაზე დაბრუნებულებმა აღმოვაჩინეთ, რომ მთავარ ხომალდთან, რომელიც ტერას ორბიტაზე ტრიალებს, ყოველგვარი კავშირი გაწყდა. ტერას მობილური ბაზებიდან მთავარ ხომალდთან კავშირზე ვერცერთი ახერხებს გასვლას. სერაფიკუსებმა ხანმოკლე თათბირის შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ სიფრთხილე უნდა გავაორმაგოთ. შესაძლოა კავშირის დაკარგვა უბრალოდ ხარვეზების ბრალია და ანალიტიკოსების ტრაიცერსის გამოფრენა გადაიდო, ჩვენი გაფრთხილება კი უბრალოდ ვერ მოახერხეს, მაგრამ არც დივერსიის შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს. შესაძლოა ტერანები იმაზე ჭკვიანები არიან, ვიდრე ჩანან.

შეხვედრის ადგილზე დატოვებული ჯგუფმა მიმდებარე ტერიტორია შეისწავლა და თავდასხმის შემთხვევაში ჯგუფის გასამაგრებლად გამოსადეგი შენობა აღმოაჩინა. პროტოკოლის მიხედვით კიდევ რამდენიმე ტერასაათის განმავლობაში ადგილის დატოვება არ შეიძლება. სულ მალე ბაზიდან გავალთ, ადგილზე დატოვებულ ათეულს ჩვენი ათეული უნდა შეეცვალოს.

ღამე მეოთხე [16.05.2022 ტ.წ]

სექტორის დროით 0015-ზე ბაზიდან გავედით. წესით ცვლილება უხმაუროდ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ადგილობრივები გამუდმებით ტრიალებენ ბაზის გარშემო და ჩუმად გასვლა ვერ მოვახერხეთ. უცნაურია. შეიძლება ეჭვის თვალით ვუყურებ უკვე ყველაფერს, მაგრამ მომეჩვენა, რომ გალავანთან ტერანების კარგად შენიღბული და ორგანიზებული ჯგუფი მორიგეობს ხოლმე და არა მშვიდობიანი მოსახლეობა.

ბაზიდან გამოსულებს ჯერ ალყა შემოგვარტყეს, შემდეგ კი ჩამოგვრჩნენ და ნელი ნაბიჯით მიგვაცილეს მოედნამდე.

to be continued…